ენტონი ბლინკენი - რუსეთი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები მოჰყავს გლობალური სასურსათო კრიზისის გამწვავების მიზეზად
ენტონი ბლინკენი - რუსეთი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები მოჰყავს გლობალური სასურსათო კრიზისის გამწვავების მიზეზად

აშშ რუსეთს სურსათის იარაღად გამოყენებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, მსოფლიო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება, რომელიც ამ გზით უკრაინელი ხალხის სულისკვეთების გატეხვას ცდილობს.

„რუსეთი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები მოჰყავს გლობალური სასურსათო კრიზისის გამწვავების მიზეზად. სანქციებს არ დაუბლოკავთ შავი ზღვის პორტები, სადაც საკვებით სავსე გემებია გაჭედილი. სანქციები არც უკრაინის გზებსა და რკინიგზას ანადგურებს. ამას რუსეთი აკეთებს. შეწყვიტეთ შავი და აზოვის ზღვების ბლოკადა. მიეცით უფლება, რომ უკრაინიდან მომავალი ხომალდები და სატვირთოები, რომლებსაც სურსათი გადააქვთ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ნუღარ ბლოკავთ საკვებისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის უკრაინის ალყაში მოქცეული დასახლებების მოსახლეობისთვის მიწოდებას“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ გაერო-მ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა ამ კრიზისის გადასაჭრელად. ბლინკენმა მოუწოდა გაერო-ს წევრ ქვეყნებს, გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე.

დატოვე კომენტარი