აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა ანკარაში გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი.
ერდოღანმა და ბლინკენმა განიხილეს სირიაში განვითარებული მოვლენები.
„თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ერთად იმუშაონ სირიაში ინსტიტუტების რეკონსტრუქციისთვის“, – ნათქვამია ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ერდოღანმა ასევე განუცხადა ბლინკენს, რომ თურქეთი საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიიღებს პრევენციულ ზომებს ყველა ორგანიზაციის წინააღმდეგ სირიაში, რომლებსაც ტერორისტებად მიიჩნევს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და თურქეთის საერთო ინტერესია, მხარი დაუჭირონ სირიის ხელისუფლებას ანგარიშვალდებულ და ინკლუზიურ მთავრობად გარდაქმნაში.