ენტონი ბლინკენი მოუწოდებს უკრაინაში დარჩენილ აშშ-ის ყველა მოქალაქეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა
ენტონი ბლინკენი მოუწოდებს უკრაინაში დარჩენილ აშშ-ის ყველა მოქალაქეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მტკიცედ მოუწოდებს უკრაინაში დარჩენილ აშშ-ის ყველა მოქალაქეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. ამის შესახებ ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების მკვეთრი დაჩქარების გამო, აშშ-ს კიევის საელჩოდან ოპერაციები ლვოვში გადააქვს. როგორც ბლინკენმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი პერსონალის უსაფრთხოებაა, რაც მისთვის უმთავრესი პრიორიტეტია.

ენტონი ბლინკენის ცნობით, საელჩო გააგრძელებს თანამშრომლობას უკრაინის მთავრობასთან ქვეყანაში დიპლომატიური ჩართულობის კოორდინირებით. ამასთან, აშშ გააგრძელებს ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას კრიზისის დეესკალაციისთვის.

„უსაფრთხოების ეს გონივრული ზომები არავითარ შემთხვევაში არ უთხრის ძირს ჩვენს მხარდაჭერას ან ერთგულებას უკრაინისადმი. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს გულწრფელ ძალისხმევას დიპლომატიური გამოსავლის მისაღწევად. ჩვენ ვაგრძელებთ ჩართულობას რუსეთის მთავრობასთან პრეზიდენტ ბაიდენის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროთან ჩემი დისკუსიის შემდგომ. დიპლომატიის გზა რჩება ხელმისაწვდომი, თუ რუსეთი აირჩევს კეთილსინდისიერ ურთიერთობას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პერსონალის დაბრუნებას საელჩოში, როგორც კი ამის პირობები იქნება“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.