ენტონი ბლინკენი - მონღოლეთი ცენტრალური პარტნიორია რეგიონში, აშშ-სა და მონღოლეთს აკავშირებთ საერთო დემოკრატიული ღირებულებები, რომლებსაც საერთო ინტერესები აერთიანებთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მონღოლეთში ვიზიტისას საგარეო საქმეთა მინისტრ ბატმუნხ ბაცეცენგს შეხვდა.
მისი თქმით, აშშ გეგმავს მონღოლეთთან მჭიდრო კავშირების განვითარებას, მათ შორის ხალხთა შორის კონტაქტებსა და მონღოლეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული დიალოგის შენარჩუნებას.
„მონღოლეთი ცენტრალური პარტნიორია რეგიონში. აშშ-სა და მონღოლეთს აკავშირებთ საერთო დემოკრატიული ღირებულებები და საერთო ინტერესები აერთიანებთ“, -აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
ულანბატორში ვიზიტისას ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიდგომა არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.
„ეს არის საერთო ხედვა, რომელსაც ვიზიარებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მომავალი და ამ საერთო ხედვის ნაწილი არის თავისუფლება ნებისმიერი ქვეყნისთვის, თავად მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებები, თავად გააკეთოს არჩევანი მომავალთან დაკავშირებით“, -აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
თავის მხრივ, მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მონღოლეთს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ორივე მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან და ჩინეთთან და ახლა ქვეყანა მიისწრაფის თავის არაპირდაპირ მეზობლებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისკენ.
მონღოლეთში ვიზიტისას ენტონი ბლინკენი ასევე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
აზიაში ათდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მონღოლეთის გარდა, ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა ლაოსში, ვიეტნამში, იაპონიაში, ფილიპინებსა და სინგაპურში.
აღსანიშნავია, რომ მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში გასულ კვირას იმყოფებოდა, სადაც ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა, რა დროსაც ქვეყნებს შორის სტრატეგიული დიალოგის დაწყება გამოაცხადეს.