ენტონი ბლინკენი - ღაზის სექტორში მოქალაქეების დაცვა და დახმარება ისრაელისთვის ნომერ პირველი სამუშაო უნდა იყოს
ენტონი ბლინკენი - ღაზის სექტორში მოქალაქეების დაცვა და დახმარება ისრაელისთვის ნომერ პირველი სამუშაო უნდა იყოს

ღაზის სექტორში მოქალაქეების დაცვა და დახმარება უნდა იყოს ნომერ პირველი სამუშაო ისრაელისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ ისრაელის მთავრობისთვის ეს იქნება პრიორიტეტი. მოქალაქეების დაცვა, საჭირო დახმარების მიწოდება ხალხისთვის, ეს უნდა იყოს ნომერ პირველი სამუშაო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ქვეყნის დასაცავად და ებრძვიან საფრთხეს, რომელიც „ჰამასის“ მხრიდან მოდის“, – ამბობს ბლინკენი.

სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ის კოლეგებს ბრიტანეთში, კვიპროსში, ევროკავშირში, კატარსა და გაერთიანებულ საამიროებში ესაუბრა ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ ღაზის სანაპიროზე დროებითი პორტის აშენებას გეგმავს, რათა ზღვის გავლით ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ პორტის მშენებლობას დრო დასჭირდება და სახმელეთო გზა მაინც საუკეთესო საშუალებად დარჩება.