ენტონი ბლინკენი - ჩვენ განვაახლებთ დემოკრატიას, რადგან ის საფრთხის ქვეშ არის
ენტონი ბლინკენი - ჩვენ განვაახლებთ დემოკრატიას, რადგან ის საფრთხის ქვეშ არის

ჩვენ განვაახლებთ დემოკრატიას, რადგან ის საფრთხის ქვეშ არის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საგარეო პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა. სახელმწიფო მდივანმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა.

„ჩვენ საკუთარ მაგალითს გამოვიყენებთ. წავახალისებთ სხვებს, გაატარონ მნიშვნელოვანი რეფორმები, გააუქმონ ცუდი კანონები, ებრძოლონ კორუფციას და შეწყვიტონ უკანონო პრაქტიკები. ჩვენ სტიმულს მივცემთ დემოკრატიულ ქცევას. თუმცა, ჩვენ არ წავახალისებთ დემოკრატიას ძვირიანი სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით. ჩვენ ეს ტაქტიკები წარსულში ვცადეთ. როგორი კეთილი ზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ამან არ იმუშავა.

ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყნები უფრო სტაბილურია, ღია და უკეთესი პარტნიორები არიან აშშ-სთვის. ასეთი ქვეყნები მეტად არიან ერთგული ადამიანის უფლებების მიმართ და ნაკლებად მიდრეკილი კონფლიქტისკენ.

როდესაც დემოკრატია სუსტია, მთავრობებს არ შეუძლიათ საკუთარი მოქალაქეების უზრუნველყოფა ან ქვეყანა იმდენად პოლარიზებული ხდება, რომ რთულია რაიმეს გაკეთება, რადგან ისინი უფრო მოწყვლადები ხდებიან ექსტრემისტული მოძრაობების მიმართ შიგნიდან და გარე ჩარევის წინაშე. ისინი ნაკლებად სანდო პარტნიორები ხდებიან აშშ-სთვის. ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში არ არის“, – აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი.

ენტონი ბლინკენის თქმით, „კოვიდ-19“-ის პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა ავტორიტარიზმისა და ნაციონალიზმის ტენდენცია.

„მსოფლიოში ავტორიტარიზმი და ნაციონალიზმი იზრდება. მთავრობები ნაკლებად გამჭვირვალე ხდება და კარგავენ ხალხის ნდობას. არჩევნები სულ უფრო ხშირად ხდება ძალადობის კერა. კორუფცია იზრდება“,-განაცხადა ბლინკენმა.

როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, „დემოკრატიის გაძლიერება საგარეო პოლიტიკის აუცილებლობაა“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ხელს შევუწყობთ მოწინააღმდეგეებსა და კონკურენტებს, ისეთს, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც თითოეულ შესაძლებლობას იყენებენ, რათა დათესონ ეჭვი ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცის მიმართ. ჩვენ არ უნდა ვუმარტივებდეთ მათ სამუშაოს.

ჩვენ ღიად ვწყვეტთ ჩვენ პრობლემებს და ეს განგვასხვავებს სხვა მრავალი ქვეყნისგან. ჩვენ არ უგულვებელვყოფთ ჩვენს წარუმატებლობებსა და ნაკლს და არ ვცდილობთ მათ ნოხის ქვეშ შეხვეტას, თითქოს ისინი არ არსებობს. ჩვენ წინ ვუდგებით მათ, რათა მსოფლიომ დაინახოს. ეს მტკივნეულია, ხშირად ულამაზოც, თუმცა სწორედ ასე ვაღწევთ პროგრესს.

მრავალმა ამოიცნო ჩვენს პრობლემებში მათი გამოწვევები. და ახლა, ისინი გვიყურებენ, რადგან სურთ, იხილონ, გამძლეა თუ არა ჩვენი დემოკრატია, შევძლებთ თუ არა, ვუპასუხოთ ამ გამოწვევას აქ, სახლში. ეს იქნება ჩვენი ლეგიტიმურობის საფუძველი დემოკრატიის დაცვისას მსოფლიოში მომდევნო წლებში“,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.