ენტონი ბლინკენი - ბაიდენის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება ცნობებს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ
ენტონი ბლინკენი - ბაიდენის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება ცნობებს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ

ბაიდენის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება ცნობებს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, უკრაინის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ბლინკენის თქმით, რუსეთის მხრიდან ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას მოჰყვება პასუხი აშშ-ისა და გერმანიის მხრიდან. მისი თქმით, აშშ-ი შეშფოთებულია რეგიონში უჩვეულო რუსული სამხედრო აქტივობით.

„თუ რუსეთი შეეცდება, გამოიყენოს ენერგია, როგორც იარაღი ან განახორციელოს შემდგომი აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ მზად ვართ და გერმანია მზად არის, მიიღოს შესაბამისი ზომები“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

თავის მხრივ, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთი უკვე იყენებს ენერგიას, როგორც იარაღს კიევის წინააღმდეგ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიას მოუწოდა, გამოიყენოს თავისი „ბერკეტები“ რუსეთზე.

„აგრესიული რუსეთის შეკავების საუკეთესო გზაა, კრემლს ნათლად აჩვენო, რომ უკრაინა ძლიერია, მაგრამ ასევე, მას ჰყავს ძლიერი მოკავშირეები, რომლებიც მარტო არ დატოვებენ მოსკოვის მუდმივად მზარდი აგრესიულობის ფონზე“, – თქვა კულებამ.

დატოვე კომენტარი