ენტონი ბლინკენი - ათიდან რვა უკრაინელს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ არსებობს კანონების ერთი წყება, რომელიც ელიტისთვისაა და მეორე წყება - სხვა დანარჩენებისთვის
ენტონი ბლინკენი - ათიდან რვა უკრაინელს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ არსებობს კანონების ერთი წყება, რომელიც ელიტისთვისაა და მეორე წყება - სხვა დანარჩენებისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მნიშვნელოვანია, „უკრაინამ გადადგას რთული ნაბიჯები დემოკრატიის განმტკიცებისა და კონსოლიდაციისთვის, რადგან ამაზე იქნება დამოკიდებული უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის ძალა“.

ბლინკენის განცხადებით, აუცილებელია, უკრაინამ გაატაროს ისეთი რეფორმები, რომლებიც უკრაინელების ცხოვრებაზე აისახება. მისივე თქმით, ეს ნიშნავს კორუფციის ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებას.

„ბრძოლის ველზე გამარჯვება უზრუნველყოფს, რომ უკრაინა არ გახდება რუსეთის ნაწილი, ხოლო კორუფციასთან ბრძოლაში გამარჯვება უზრუნველყოფს, რომ უკრაინა რუსეთს არ დაემსგავსება. უკრაინის უსაფრთხოება შეირყევა, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ რესურსებს ის ადამიანები მიითვისებენ, რომელთაც გამდიდრების სურვილი ამოძრავებთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენის განცხადებით, უკრაინის დემოკრატია შესუსტდება, თუ მოქალაქეებს არ ექნებათ რწმენა, რომ თავად შეუძლიათ, საკუთარი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება უზრუნველყონ და სისტემა შიგნიდან გააუმჯობესონ. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი კორუფციის გამოყენებას საკუთარი მიზნების მისაღწევად ცდილობდა.

„სულაც არაა გასაკვირი, რომ პუტინი მიისწრაფოდა, უკრაინაში არსებული კორუფცია იარაღად გადაექცია. პუტინმა იცის, რამდენად მძლავრი იარაღი შეიძლება იყოს კორუფცია განხეთქილებისა და უნდობლობის დასათესად, ხელისუფლებისათვის და ინსტიტუტებისთვის ძირის გამოსათხრელად. ის ამ ტაქტიკის დახვეწაზე რუსეთში 25 წელი მუშაობდა“, – განაცხადა ბლინკენმა.

ამასთან, როგორც ბლინკენმა აღნიშნა, „უკრაინელები, წლებია, ებრძვიან კორუფციას და საჩვენებელი შედეგებიც აქვთ“.

„უკრაინა არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომელთა რეიტინგიც „ტრანსფერენსი ინთერნეშენელის“ კვლევებში სტაბილურად იზრდება. ამაში არცთუ მცირე წვლილი შეიტანეს კორუფციასთან მებრძოლმა მარჯვე და მოხერხებულმა აქტივისტებმა, არასამთავრობოებმა და დამოუკიდებელმა მედიამ, მაგრამ მეტია გასაკეთებელი. ათიდან რვა უკრაინელს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ არსებობს კანონების ერთი წყება, რომელიც ელიტისთვისაა და მეორე წყება – სხვა დანარჩენებისთვის“, – განაცხადა ბლინკენმა.