ენტონი ბლინკენი - აშშ შეშფოთებულია მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი აგრესიული ქმედებები დაგეგმა უკრაინის წინააღმდეგ
ენტონი ბლინკენი - აშშ შეშფოთებულია მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი აგრესიული ქმედებები დაგეგმა უკრაინის წინააღმდეგ

აშშ შეშფოთებულია მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი აგრესიული ქმედებები დაგეგმა უკრაინის წინააღმდეგ, ეს გეგმა ითვალისწინებს უკრაინის დესტაბილიზაციას შიგნიდან და ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რიგაში, ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ მზად არის მძიმე საფასურის დასაწესებლად, თუ რუსეთი კვლავ გამოიყენებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან, როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ნატო ასევე მზად არის, აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვა გააძლიეროს.

„ჩვენ ასეთი ქცევა ადრეც გვინახავს, 2014 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. მაშინაც, როგორც ახლა, მათ მნიშვნელოვანად გაზარდეს სამხედრო ძალების რაოდენობა საზღვრებთან, მათ გაააქტიურეს დეზინფორმაცია, რომ გამოიყვანონ უკრაინა აგრესორად და ეს გამოიყენონ წინაპირობად წინასწარ დაგეგმილი სამხედრო ოპერაციისთვის. ჩვენ ეს ტაქტიკა ვნახეთ ბოლო 24 საათშიც. ბოლო კვირაში კი, ვიხილეთ სოციალურ ქსელებში ანტიუკრაინული პროპაგანდა და ამას ის მასშტაბი აქვს, რომელიც ბოლოს ვნახეთ 2014 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ახლა არ ვიცით, მიღებული აქვთ თუ არა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ მან მოახდინა შესაძლებლობების მობილიზაცია იმისთვის, რომ ეს გააკეთოს სწრაფად, თუ ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ზრახვები გაურკვეველია, ჩვენ მაინც უნდა მოვემზადოთ ყველა შესაძლო სცენარისთვის, ვიდრე ვნახავთ რომ რუსეთმა შეცვალა კურსი.

აშშ ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ასევე უშუალოდ ვლადიმერ პუტინთან. აშშ-ის პრეზიდენტმა შეკრიბა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები უკრაინის საკითხზე სასაუბროდ დიდი ოცეულის სამიტზე რომში, რამდენიმე კვირის წინ. შემდეგ, ბაიდენის განკარგულებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ჩავიდა მოსკოვში, სადაც დააფიქსირა ჩვენი შეშფოთება და ერთგულება დიპლომატიური კურსისადმი და ასევე ისაუბრა იმ მძიმე შედეგებზე, რომელიც დადგება, თუ რუსეთი გააგრძელებს კონფრონტაციას და სამხედრო ქმედებებს. ჩვენ მკაფიოდ გავაგებინეთ კრემლს, რომ აშშ-ის პასუხია მტკიცე, რაც მოიცავს დიდი შედეგის მქონე ეკონომიკურ ზომებს, რომელთა გამოყენებისგანაც წარსულში თავი შევიკავეთ.

რიგაში ჩამოვედი მოკავშირეებთან კონსულტაციისთვის და თვალსაჩინოა, რომ ისინიც მტკიცე პოზიციას იკავებენ, როგორც ჩვენ. მე ეს გავიგე ჩვენი დისკუსიების დროს გუშინ, დღეს ნატო-ს ყველა წევრისგან და დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან ორმხრივი კონსულტაციების დროს. ჩვენ მზად ვართ, მძიმე საფასურის დასაწესებლად, თუ რუსეთი კვლავ გამოიყენებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ნატო მზადაა, თავდაცვის გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ფლანგზე“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ამასთან, მისივე თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევია და მოწოდებულია, ითანამშრომლოს უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში.

„ჩემი კონსულტაციები ამ საკითხზე გაგრძელდება ხვალ ეუთო-ს მინისტრებთან, სადაც ასევე დაგეგმილია ჩემი შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ლავროვთან. აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევია და მოწოდებულია, ითანამშრომლოს უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში, ასევე მოვუწოდებთ, უკრაინას, თავშეკავება გამოიჩინოს, რადგან რუსეთის მიზანია, მიზეზად მოიყვანოს პროვოკაცია, რომ მოიმოქმედოს ის, რასაც უკვე დიდი ხანია, გეგმავდა“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ყველაზე იმედისმომცემი გზა იქნება, თუ უკრაინა და რუსეთი დაუბრუნდებიან დიალოგს მინსკის შეთანხმების კონტექსტში, რომლის ამოცანაც აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დასრულებაა.

„დიპლომატია არის ერთადერთი პასუხისმგებლიანი გზა, რომლითაც ამ პოტენციური კრიზისის მოგვარებაა შესაძლებელი. ყველაზე იმედისმომცემი გზა იქნება, თუ უკრაინა და რუსეთი დაუბრუნდებიან დიალოგს მინსკის შეთანხმების კონტექსტში, რომლის ამოცანაც არის აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დასრულება. პუტინმა ცოტა ხნის წინ თქვა და მე ციტატად მოვიყვან, რომ მინსკის შეთანხმების სრულ შესრულებას ალტერნატივა არ აქვს. ზელენსკიმაც არა ერთხელ განაცხადა, რომ ერთგულია მინსკის შეთანხმების.

აშშ მხარს უჭერს დიპლომატიას და მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციასაც. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განაახლოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და მოვუწოდებთ რუსეთს, განმუხტოს სიტუაცია, გადახედოს სამხედრო მობილიზაციის გადაწყვეტილებას, დააბრუნოს სამხედრო ძალები მშვიდობიანი პერიოდის პოზიციებს, უკან დახიოს მძიმე შეიარაღება საკონტაქტო ხაზიდან, თავი შეიკავოს დაშინებისა და უკრაინის შიდადესტაბილიზაციისგან და უკან მოიტოვოს სამხედრო მოქმედებების გეგმა. ავირიდებთ თავიდან კრიზისს, რომელსაც შეიძლება, მოჰყვება შორს მიმავალი და გრძელვადიანი შედეგი მოსკოვთან ორმხრივი ურთიერთობებისთვის, რუსეთის ურთიერთობებისთვის ევროპასთან და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.