ენტონი ბლინკენი - აშშ-ისა და ნატო-ს ჯარების გასვლის შემდეგ, „თალიბანმა“ ავღანეთში შესაძლოა, სამხედრო წარმატებას სწრაფად მიაღწიოს
ენტონი ბლინკენი - აშშ-ისა და ნატო-ს ჯარების გასვლის შემდეგ, „თალიბანმა“ ავღანეთში შესაძლოა, სამხედრო წარმატებას სწრაფად მიაღწიოს

აშშ-ისა და ნატო-ს ჯარების გასვლის შემდეგ, „თალიბანმა“ ავღანეთში შესაძლოა, სამხედრო წარმატებას სწრაფად მიაღწიოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „ბიბისის“ მიერ მოპოვებულ წერილში, რომელიც ენტონი ბლინკენმა ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის გაუგზავნა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გაზაფხულზე თალიბების თავდასხმების გახშირებას არ გამორიცხავს.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ავღანეთში 90 დღის განმავლობაში ძალადობის შემცირების მოწოდებით გამოდის და აღნიშნავს, რომ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისთვის ახალი საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევა გაერო-ს ზედამხედველობით უნდა წარიმართოს.

გასულ წელს ტრამპის ადმინისტრაციის და „თალიბანის“ სამშვიდობო შეთანხმება 2021 წლის მაისის შემდეგ ავღანეთის უცხოელი ჯარისკაცების გასვლას ითვალისწინებს. სანაცვლოდ კი, „თალიბანმა“ ეროვნულ დონეზე სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გააგრძელოს და ადგილზე „ალ-ყაიდას“ მოქმედება არ უნდა დაუშვას. „თალიბანი“ დაპატიმრებული მებრძოლების გათავისუფლებასაც ითხოვს.