ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ რუსეთთან სტაბილური და მომგებიანი ურთიერთობის მომხრეა
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ რუსეთთან სტაბილური და მომგებიანი ურთიერთობის მომხრეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ რუსეთთან სტაბილური და მომგებიანი ურთიერთობის დამყარების მომხრეა, – ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „როიტერზე“ ვრცელდება.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იტალიური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, აშშ იმედოვნებს, რომ რუსეთთან უფრო სტაბილურ და მომგებიან ურთიერთობებს დაამყარებს, თუმცა თუ რუსეთი შეტევებს გააგრძელებს, ვაშინგტონი შესაბამისი რეაგირებით უპასუხებს.

მისი თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა კიბერთავდასხმა SolarWind-ზე, აშშ-ის არჩევნებში ჩარევა და ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები, აშშ მზად იქნება საპასუხო რეაქციისთვის.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩინეთთან ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა. ბლინკენის განცხადებით, ჩინეთთან ურთიერთობა ყველაზე რთულია. მისი თქმით, აშშ პატივს სცემს სხვა ქვეყნების განსხვავებულ ურთიერთობებს და არც ერთ მათგანს არ სთხოვს არჩევანის გაკეთებას ვაშინგტონსა და პეკინს შორის. თუმცა, მისი განმარტებით, როდესაც საქმე ეხება ჩინეთთან, როგორც მოწინააღმდეგესთან, მეტოქესთან თუ პარტნიორთან ურთიერთობებს, ერთად მოქმედება ბევრად უფრო ეფექტურია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რომში გამართულ მინისტერიალზე იღებდა მონაწილეობას, რომელიც ისლამისტურ დაჯგუფებებთან ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევას ეხებოდა.