ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ ახორციელებს ინტენსიურ დიპლომატიას ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესამცირებლად და მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ესკალაციისგან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ახორციელებს ინტენსიურ დიპლომატიას ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის შესამცირებლად და მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ესკალაციისგან.
„ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს ესკალაციისგან. ყველა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის შესამსუბუქებლად. ესკალაცია არავის ინტერესებში არ შედის. ეს მხოლოდ უფრო მეტ კონფლიქტს გამოიწვევს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, მოუწოდა მხარეებს, იპოვონ შეთანხმების მისაღწევად სათანადო გზები.
„მნიშვნელოვანია ამ ციკლის გაწყვეტა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევით. ეს, თავის მხრივ, გახსნის უფრო დიდი მშვიდობის შესაძლებლობას არა მხოლოდ თავად ღაზაში, არამედ სხვა რეგიონებშიც, სადაც შესაძლოა, კონფლიქტი გავრცელდეს“, – დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაელ ჰანიე მოკლეს. ირანული მხარე და დაჯგუფება „ჰამასი“ ისმაელ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და შურისძიების პირობას დებენ.