ენტონი ბლინკენი 22-25 მარტს პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავა
ენტონი ბლინკენი 22-25 მარტს პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 22-25 მარტს პირველი ვიზიტით ჩავა ევროპაში. სახელმწიფო მდივანი ეწვევა ბრიუსელს, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება და ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ის ასევე შეხვედრებს გამართავს ბელგიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, ენტონი ბლინკენის ვიზიტი ბრიუსელში ადასტურებს აშშ-ის ერთგულებას მოკავშირეებისა და ევროპელი პარტნიორებისადმი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ნატო-ს მოკავშირეებთან შეხვედრა იქნება შესაძლებლობა, განიხილონ ნატო-ს 2030 წლის პროგრამა, ჩინეთთან და რუსეთთან დაკავშირებული საკითხები, ასევე კლიმატური ცვლილებები, კიბერუსაფრთხოება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ენერგოუსაფრთხოება და სხვა საერთო გამოწვევები.

ენტონი ბლინკენი შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს, რომელთანაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის შეკავებას, მდგრად გლობალურ ეკონომიკურ აღდგენას, კლიმატური კრიზისის დაძლევას და დემოკრატიის გაძლიერებას განიხილავს.