ენის ბარდი არჩევანს არ ნანობს - საქართველოსთან ჩვენი დიდი ოცნება უნდა ავიხდინოთ
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისა და ესპანური „ლევანტეს“ ნახევარმცველმა ენის ბარდიმ ტელეარხ Supersport-თან ინტერვიუში საქართველოსთან „ევრო2020“-ის პლეიოფის მოახლოებული მატჩის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
„ჩვენ ოცნებას მივუახლოვდით და მის ახდენას ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ახლა საქართველოსთან მატჩი დაგვრჩა და უნდა გავაკეთოთ ის, რაც არავის გაუკეთებია ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთში. ამ წარმატებამდე 90 წუთი დაგვრჩა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი დიდი ოცნება ახდეს”, – განაცხადა ბარდიმ.
ამავე დროს, იმაზეც ილაპარაკა, რომ ალბანური წარმოშობის ფეხბურთელი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფორმით ითამაშა კოსოვოს წინააღმდეგ, რომელიც ეთნიკურად ალბანელების თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა.
„კოსოვოსთან მატჩის დაწყებამდე უცნაური ემოციები მქონდა. მე ალბანელი ვარ და ამას არ უარვყოფ, მაგრამ ვამაყობ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ვთამაშობ. მე ვარ პროფესიონალი და ყოველთვის ვემსახურები იმ ეროვნულ გუნდს, სადაც ვთამაშობ. მატჩის შემდეგ მილოცვები მივიღე, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც გამაკრიტიკეს, რაც, გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია. ჩრდილოეთ მაკედონიის დიდი გამარჯვება ძალიან გამიხარდა“, – თქვა ენის ბარდიმ.