„ენერგოპრო ჯორჯიას“ გენდირექტორის მოადგილე - სვანეთის მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას
„ენერგოპრო ჯორჯიას“ გენდირექტორის მოადგილე - სვანეთის მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას

სვანეთის მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას, საბოლოო გადაწყვეტილებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ენერგოპრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე გივი ჯღარკავამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება ხუთი-შვიდი წლის წინ 10 მეგავატს არ აღემატებოდა, 2019 წლის ბოლოს 23 მეგავატს გადააჭარბა.

„ეს კატასტროფული მაჩვენებელია, ვინაიდან ქსელის ექსპლუატაციის ყველა დადგენილ პარამეტრს ეწინააღმდეგება. გადაიტვირთა გადამცემი ხაზები. ასევე გადაიტვირთა ქვესადგურები. მასშტაბური დაზიანების საფრთხე წარმოიქმნა, რომლის აღმოფხვრის საშუალება ჩვენ რელიეფისა და ობიექტური გარემოებების გამო მყისიერად არ შეგვიძლია. ასეთი მასშტაბის მოსალოდნელი კატასტროფის აღმოფხვრას შეიძლება, ხანგრძლივი გათიშვები მოჰყვეს და ეს შეეხება მთელ რეგიონს. სწორედ ამ რისკებზე იყო საუბარი“, – განაცხადა ჯღარკავამ.

მისი თქმით, როგორც აღმოჩნდა, ადგილი ჰქონდა ელექტროენერგიის დატაცებას.აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე.

„როგორც აღმოჩნდა, აქ ადგილი ჰქონდა კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმების გავრცელებას, ელექტროენერგიის დატაცებას. იქ ძალიან დიდი დარღვევებია. ფინანსურ ზარალზე არ არის საუბარი, ვსაუბრობთ ტექნიკურ პრობლემებზე. ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის შექმნილ რისკებზე, ასევე გარემოს რისკებზე. არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება“, – აღნიშნა „ენერგოპრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ.
ამასთან, მისი ინფორმაციით, სვანეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის საფასურის დაწესების საკითხი უახლოეს მომავალში დღის წესრიგში არ დგას.

„ამ ეტაპზე მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. კონსულტაციები მიმდინარეობს, თუ რა იქნება საბოლოოდ ამასთან დაკავშირებით. თუმცა ამ ეტაპზე და უახლოეს მომავალში ასეთი საკითხი არ დგას დღის წესრიგში. საუბარია უკონტროლო კომერციული მიზნით არსებული მოხმარების აღრიცხვაზე, საუბარია სასტუმროებზე, საწარმო დაწესებულებებზე და, რა თქმა უნდა, არალეგალურ მიერთებებსა და დატაცებებზე. ძალიან მკაცრი და პრინციპული პოზიცია გვექნება. ეს ისევ სვანეთისთვის არის საჭირო და მოსახლეობას კარგად აქვს გაცნობიერებული. პრობლემა ამოწურული არ არის მოხმარება დიდია, თუმცა ამ ღონისძიებებით საგრძნობი შედეგი იყო. სამუშაო კიდევ ბევრია“, – განაცხადა გივი ჯღარკავამ.

აღნიშნულ საკითხზე „ენერგოპრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა რუსთავში ისაუბრა, სადაც კომპანიამ რეგიონულ მედიას 2019 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.