ენერგეტიკისა და განათლების სექტორში საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებები გაფორმდა
ენერგეტიკისა და განათლების სექტორში საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებები გაფორმდა

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორმა, კლაუს ფაიგელმა ფინანსურ ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი.

გერმანიის მთავრობის მიერ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი,  ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების – ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებასა და ენერგეტიკული სისტემის გაძლიერებისკენ მიიმართება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 5,7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მოხმარდება ბათუმში 25 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურობის სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაციას, რაც ასევე, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას. „პროფესიული განათლების პროგრამა – I“ პროექტის ფარგლებში კი, 20 მილიონი ევრო მოხმარდება პროფესიული კოლეჯის (Centre of Excellence) მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზებას და ამ მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარებას.

დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი ფინანსური მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია, დაახლოებით ერთი მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით. ამჟამად მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა კი, დაახლოებით, 345 მილიონ ევროს შეადგენს.