იმის მიუხედავად, რომ ნიუ იორკში დროებითი საველე ჰოსპიტლების მშენებლობა შეჩერებულია, შამპანურის გახსნის დრო არ არის, – ამის შესახებ ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა.
როგორც „სიენენი“ წერს, ნიუ იორკის შტატის ხელისუფლებამ ფედერალური მთავრობისგან მიიღო ნებართვა რვა საველე ჰოსპიტლის მოწყობასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დროისთვის ყველა მათგანის გამოყენების საჭიროება არ არის.
„ჩვენ შევაჩერეთ მშწნებლობა, როდესაც დავინახეთ, რომ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა დასტაბილურება დაიწყო, თუმცა ჯერ არ ვარ მზად, დავხურო ყველაფერი. დღეს არიან ექსპერტები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრში, რომლებიც გვაფრთხილებენ შემოდგომას ეპიდაფეთქების შესახებ. ამაზე ჯერ ფიქრიც კი არ მინდა“, – განაცხადა კუომომ.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, ნიუ იორკის შტატში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 258 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 19 114 ადამიანი.