„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის შეფასებაში ყველაზე მაღალი რეიტინგი კახა კალაძეს აქვს
„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის შეფასებაში ყველაზე მაღალი რეიტინგი კახა კალაძეს აქვს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი რეიტინგი თბილისის მერს, კახა კალაძეს აქვს. გამოკითხულთა 34 პროცენტი კახა კალაძის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 37 პროცენტი საშუალოდ (თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით).

ამასთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 12 პროცენტი, ხოლო 43 საშუალოდ. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 11 პროცენტი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 36 პროცენტი საშუალოდ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობა გამოკითხულთა 9 პროცენტმა კარგად შეაფასა, ხოლო 31-მა საშუალოდ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.