ენდიაი - გამოკითხულთა 71 პროცენტი ამბობს, რომ საარჩევნო უბანთან კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლებს პირად ინფორმაციას თხოვდნენ, არ შეუნიშნავთ
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ენდიაი) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 71 პროცენტი ამბობს, რომ საარჩევნო უბანთან არ შეუნიშნავთ კანდიდატთა კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას ინიშნავდნენ ან ამომრჩევლებს პირად ინფორმაციას თხოვდნენ.
კითხვაზე, არჩევნების დღეს თუ გაიხსენებთ, შეამჩნიეთ თუ არა კანდიდატების აქტივისტები/კოორდინატორები საარჩევნო უბანთან, რომლებიც ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას ინიშნავდნენ ან ამომრჩევლებს პირადი ინფორმაციას თხოვდნენ, გამოკითხულთა 71 პროცენტი პასუხობს, რომ „არა, 12 პროცენტი ამბობს, რომ „დიახ“. კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ გამოკითხულთა 16-მა პროცენტმა მიუთითა, ხოლო უარი „პასუხზე“ 1-მა პროცენტმა.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (ენდიაი) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას დღეს წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.