ენდი რობერტსონის აზრით, პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯორდან ჰენდერსონია
ენდი რობერტსონის აზრით, პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯორდან ჰენდერსონია

„ლივერპულის“ მცველი ენდი რობერტსონი მიიჩნევს, რომ მისი თანაგუნდელი ჯორდან ჰენდერსონი პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს იმსახურებს. რობერტსონის აზრით, გუნდის კაპიტანი ჰენდერსონი საკვანძო ფიგურაა და ის, რომ მერსისაიდელები ასე ახლოს არიან თავიანთ პირველ ჩემპიონობასთან 1990 წლის შემდეგ, პირველ რიგში სწორედ მისი დამსახურებაა.

„მე თუ მკითხავთ, წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე მთავარი კანდიდატი ჰენდერსონია“, – უთხრა რობერტსონმა „სკაი სპორტს“, – „ამ სეზონში, როდესაც გაგვიჭირდებოდა, სწორედ ჰენდო მიგვიძღვოდა ხოლმე წინ. საკმარისია, მასთან ერთად ერთხელ მაინც ივარჯიშო, რომ წამსვე ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია მისი გუნდში ყოფნა. ის ნელ-ნელა ხალხის მეტ ყურადღებასაც იპყრობს, რადგან არაჩვეულებრივი მოთამაშე, კაპიტანი და პიროვნებაა“.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 22 ქულით უსწრებს.