ენდი რობერტსონი - საუკეთესო ფეხბურთელად ვან დეიკი უნდა აღიარონ
ენდი რობერტსონი - საუკეთესო ფეხბურთელად ვან დეიკი უნდა აღიარონ

ლივერპულის შოტლანდიელი მცველი ენდი რობერტსონი აცხადებს, რომ ინგლისის პროფესიული საფეხბურთო ასოციაციის (PFA) საუკეთესო მოთამაშის პრიზი წელს უპირობოდ მისმა თანაგუნდელმა, ვირხილ ვან დეიკმა უნდა მიიღოს. ჰოლანდიელ მცველს ბრიტანელი ბუკმეიკერებიც უპირველეს ფავორიტად მიიჩნევენ, შემდეგ კი მანჩესტერ სიტის სამი ფეხბურთელი – სერხიო აგუერო, რაჰიმ სტერლინგი და დავიდ სილვა მოდიან. ხუთეულში ლივერპულის კიდევ ერთი მოთამაშე მოჰამედ სალაჰია, რომელმაც ეს ჯილდო გასულ წელს მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ 1974 წლიდან, როდესაც პროფესიულმა საფეხბურთო ასოციაციამ ჯილდო დააწესა, მცველს ის მხოლოდ ხუთჯერ გადაეცა. ბოლოს ეს 14 წლის წინ მოხდა, როდესაც საუკეთესოდ ჯონ ტერი აღიარეს.

„ამ საღამოს რომ მთავრდებოდეს სეზონი, მე პირადად მას გადავცემდი ამ პრიზს“, – ამბობს რობერტსონი, – „ჯერ კიდევ 10 მატჩია დარჩენილი, მაგრამ ვირხილს ვერავინ შეეჯიბრება, ასე მგონია“.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში ლივერპულმა საკუთარ მოედანზე უოტფორდი 5-0 დაამარცხა, ვან დეიკმა კი ორი გოლი გაიტანა.

ლივერპული სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და ერთი ქულით უსწრებს მანჩესტერ სიტის.