ენდი მარი პარიზის ოლიმპიადის შემდეგ სპორტულ კარიერას დაასრულებს #1TVSPORT
ბრიტანელი ჩოგბურთელის, ენდი მარის განცხადებით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ სპორტულ კარიერას დაასრულებს.
„პარიზში ჩემს კარიერაში უკანასკნელი ტურნირის სათამაშოდ ჩამოვედი, რათა დიდი ბრიტანეთი წარმოვადგინო. ამაყი ვარ, რომ ამის გაკეთება კიდევ მიწევს, ამჯერად უკანასკნელად“, – დაწერა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში.
ენდი მარი ინდივიდუალურ თანრიგში ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებულია. მან პირველი ოქრო 2012 წელს ლონდონში მოიგო, ხოლო ტიტული 2016 წელს რიოში დაიცვა. ასევე, ბრიტანელმა 2012 წლის ოლიმპიადაზე შერეულ წყვილებში, ლაურა რობსონთან ერთად ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კარიერის მანძილზე მან დიდი სლემის სამი ტურნირი მოიგო – ორჯერ უიმბლდონი და ერთხელ ამერიკის ღია პირველობა. 2016 წლის ნოემბერში ბრიტანელი მსოფლიოს პირველი ნომერიც გახდა.
37 წლის ენდი მარი პარიზის ოლიმპიადაზე როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში აპირებს გამოსვლას. წყვილებში ის საკუთარ ძმასთან, ჯეიმისთან ერთად ითამაშებს.