ენდი მარეიმ ოპერაცია გადაიტანა და 14 კვირას გამოტოვებს
ენდი მარეიმ ოპერაცია გადაიტანა და 14 კვირას გამოტოვებს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ ბარძაყზე ოპერაცია გადაიტანა და დაახლოებით 14 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს. ოპერაცია მელბურნში ჩატარდა.

„ვგეგმავ ბალახის ტურნირებისთვის დაბრუნებას. შესაძლოა, უფრო ადრეც. არავითარ შემთხვევაში არ ვიჩქარებ. მითხრეს, რომ ჩვეულებრივ, ასეთი ოპერაციების შემდეგ, აღდგენითი პროცესი 14 კვირამდე გრძელდება. ყველაზე მოსალოდნელი ვარიანტია – ბალახის სეზონზე დაბრუნება“, – განაცხადა ბრიტანელმა.

მარეის შარშანდელი ივლისიდან მოყოლებული არც ერთ ოფიციალურ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. წელს მხოლოდ აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირზე გამოჩნდა, სადაც რობერტო ბაუტისტა-აგუტის წინააღმდეგ ერთი სეტი ჩაატარა (2:6) და თამაში შეწყვიტა.

ამის შემდეგ, ენდიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებდა.