ენდი მარეი უიმბლდონზე ითამაშებს
ენდი მარეი უიმბლდონზე ითამაშებს

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ დაადასტურა, რომ ითამაშებს „დიდი სლემის“ რიგით მესამე ტურნირის – უიმბლდონის წყვილთა თანრიგში. ენდის პარტნიორი იქნება ფრანგი პიერ-იუგ ერბერი.

„ძალიან მინდა უიმბლდონზე გამოსვლა. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე ჩოგბურთელს ველაპარაკე. ორჯერ ჩემი წინადადება უარყვეს“, – მოჰყავს მარეის სიტყვები „ეი თი ფის“ (ATP) პრესსამსახურს.

ენდი მარეი ამ კვირას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა კორტს. ის ლონდონის „ქიუნზ ქლაბის“ ტურნირზე წყვილებში ფელისიანო ლოპესთან ერთად თამაშობს. ხუთშაბათს, ბრიტანულ-ესპანურმა წყვილმა პირველ ნომრად განთესილი კოლუმბიელები – ხუან-სებასტიან კაბალი და რობერტ ფარა დაამარცხა – 7:6(5), 6:3.