მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომრებმა – ბრიტანელმა ენდი მარეიმ და ამერიკელმა სერენა უილიამსმა დაადასტურეს, რომ ერთად ითამაშებენ უიმბლდონის მიქსტში. ამის შესახებ დაწერა ინგლისურმა გაზეთმა „სანმა“ (The Sun).
„კორტზე ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს და ეს ყოველთვის მომწონდა მასში. მას უყვარს შრომა და ამის გამო ყოველთვის პატივს ვცემდი. ის მართლაც გამოირჩევა მამაკაც ჩოგბურთელებს შორის, რადგან რეალურად ბევრს ლაპარაკობს ქალთა უფლებებზე“, – განაცხადა 38 წლის სერენა უილიამსმა.
მარეი კარგა ხანი ეძებდა პარტნიორს მიქსტისთვის. მას რამდენიმე ჩოგბურთელმა უთხრა უარი, მათ შორის, მსოფლიოს ამჟამინდელმა პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ.
უიმბლდონზე მიქსტი ხუთ ივლისს დაიწყება.
სერენა უილიამსმა ერთეულებში უკვე გაიარა პირველი წრე – ორ სეტში დაამარცხა იტალიელი გატო-მონტიკონე.