ენდი ბერნემს დიდი ბრიტანეთის „მანჩესტერიზაცია“ სურს

18:19, 20.07.2026
ენდი ბერნემი ხალხს ესალმება მას შემდეგ, რაც 2026 წლის 17 ივლისს, ლეიბორისტული პარტიის რიგგარეშე კონფერენციაზე, ის ლეიბორისტული პარტიის ახალ ლიდერად და ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

ენდი ბერნემი ხალხს ესალმება მას შემდეგ, რაც 2026 წლის 17 ივლისს, ლეიბორისტული პარტიის რიგგარეშე კონფერენციაზე, ის ლეიბორისტული პარტიის ახალ ლიდერად და ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

ორშაბათს, 20 ივლისს, ენდი ბერნემი – მანჩესტერის მერი და კირ სტარმერის მეტოქე ლეიბორისტული პარტიაში – ბოლო ათი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის მეშვიდე პრემიერ-მინისტრი გახდა.

 

ენდი ბერნემმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლეიბორისტი მოღვაწე და კირ სტარმერის შემცვლელი ერთადერთი კანდიდატია, მეფე ჩარლზ III-თან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, დაუნინგ-სტრიტის რეზიდენციის გასაღებები ჩაიბარა. ბერნემის ქარიზმატული სტილი მისი წინამორბედის, კირ სტარმერის იმიჯისგან მკვეთრად განსხვავდება.

ლეიბორისტული პარტიის ეს ვეტერანი, რომელმაც თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი ჩრდილში გაატარა, დიდ პოლიტიკაში საკუთარი კვალის დატოვებას 56 წლის ასაკში დაიწყებს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში მან ორჯერ განიცადა მარცხი და ეროვნულ ასპარეზზე თავის დამკვიდრება საბოლოოდ ლონდონისგან მოშორობით მოახერხა. 10 წლის განმავლობაში მანჩესტერის მერის პოსტზე ყოფნისას, მისი პოპულარობა განსაკუთრებით მკვეთრად კოვიდ-პანდემიის დროს გაიზარდა, როდესაც მან ფინანსური კომპენსაციის გარეშე მოსახლეობისთვის შეზღუდვების დაწესებაზე უარი თქვა. ბორის ჯონსონის მთავრობასთან ამ დაპირისპირებამ მას „ჩრდილოეთის მეფის“ მეტსახელი შესძინა.

რეგიონებისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება

მას პოლიტიკის ახალ „რობინ ჰუდად“ მიიჩნევენ და იცნობენ ადამიანად, რომელიც ლონდონის მიერ იგნორირებული რეგიონების ინტერესებს იცავს. ბერნემი ცნობილია თავისი თბილი და უშუალო ხასიათით და ხალხში უბრალო ადამიანის იმიჯს ინარჩუნებს, მას ხშირად ნახავთ მაისურითა და სპორტული ფეხსაცმლით, არის ფეხბურთის ფანი, ხშირად ითქვიფება ხალხის მასაში და ხელის აწევით ესალმება მათ, რაც ვესტმინსტერის ტრადიციებისგან ძალიან შორს არის.

პოლიტიკურად უფრო მემარცხენე პოზიციაზე მყოფ ენდი ბერნემს, როგორც თავად ამბობს, ბრიტანელი ხალხისთვის იმედის დაბრუნება სურს. მან პირობა დადო, რომ ლეიბორისტული პარტიის ჭეშმარიტი სახე იქნება. მისი ამბიცია გაერთიანებული სამეფოს „მანჩესტერიზაციაა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – რეგიონებისთვის მეტი უფლებამოსილების გადაცემა. იგი „ჩრდილოეთის დაუნინგ-სტრიტის“ შექმნასაც კი ჰპირდება საზოგადოებას, რაც ნიშნავს, რომ მთავრობის ოფისი ლონდონის გარეთაც შეიქმნება.

ქვეყნის რეინდუსტრიალიზაცია

მას ასევე სურს, სახელმწიფოს საკუთრებაში დააბრუნოს საზოგადოების მომსახურების ზოგიერთი სამსახური, მოახდინოს ქვეყნის რეინდუსტრიალიზაცია და დაიწყოს ომისშემდგომი პერიოდის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საბინაო პროგრამა. ეს არის მცდელობაა, ხელახლა აღდგეს კავშირი ჩრდილოეთ ინგლისის ყოფილი ინდუსტრიული რეგიონების იმ ამომრჩევლებთან, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის ტრადიციულ მხარდამჭერებად მიიჩნევიან. მისი კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის უფრო გამორჩეული კომუნიკატორია, ვიდრე რეფორმატორი, და აღნიშნავენ, რომ მანჩესტერის მართვა იგივე არ არის, რაც სახელმწიფო ვალით დამძიმებული და ფინანსური წნეხის ქვეშ მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელობა.

მისი მხარდამჭერები კი, თავის მხრივ, მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ლეიბორისტული პარტიის გადარჩენა სწორედ ბერნემს შეუძლია. და, რაც მთავარია – 2029 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, სწორედ ბერნემს ძალუძს საიმიგრაციო პოლიტიკისადმი მკვეთრად კრიტიკულად განწყობილი ნაიჯელ ფარაჯისა და მისი პარტია Reform UK-ის წინააღმდეგ უნარიანად გაძღოლა.

 

სტატიის ავტორი: ჟოელ ჯოლი, საფრანგეთის ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებელი „რადიო ფრანსე“

ფოტოს ავტორი: ტობი შეპარდი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 20 ივლისი, 2026 წელი, 06:47 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი