ენდი ბერნემი – რუსეთს ხვალვე შეუძლია, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს, მათ ამისკენ მოვუწოდებ, მანამდე კი, ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემი გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთი სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი დეზინფორმაციის იარაღად გამოყენების ალბათობას კიდევ უფრო გაზრდის.
ბერნემი ინიციატივით გამოვიდა, რომ აღნიშნული საფრთხის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევას დიდმა ბრიტანეთმა უხელმძღვანელოს.
ამასთან, მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთს შეუძლია, გამოიყენოს საკუთარი გამოცდილება დემოკრატიაში ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა სხვა ქვეყნებს მსგავს მცდელობებთან გამკლავებაში დაეხმაროს.
„ბოლო წლებში ჩვენ ვიხილეთ მტრულად განწყობილი ძალების მხრიდან მასშტაბური თავდასხმები დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი არაერთი მოკავშირის საინფორმაციო გარემოზე. რუსეთის სპეცსამსახურებმა მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენეს სიცრუისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ასევე ადამიანური შიშების ბოროტად გამოსაყენებლად. ისინი იყენებდნენ ბოტებსა და ყალბ ვებგვერდებს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ენდი ბერნემის თქმით, მტრული სპეცსამსახურები „ულტრამემარჯვენე ნარატივებს აძლიერებდნენ“ და „2019 წლის საყოველთაო არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ“. მისივე თქმით, კრემლი ყოველწლიურად 1,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ხარჯავს „ინფორმაციით მანიპულირებაზე“.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს.
„ამჯერადაც და ყოველ ჯერზე რუსეთი უნდა ვამხილოთ. ამ დარბაზში მყოფმა ყველამ იცის, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საერთაშორისო სამართლით პირდაპირ არის აკრძალული. მიუხედავად ამისა, ჩვენ აქ, გაერო-ში ვაცხადებთ დაფინანსების გამოყოფის შესახებ, რათა შევამსუბუქოთ იმ ომის დანაშაულების შედეგები, რომელთა ჩადენასაც, დიდი ალბათობით, კვლავ ველოდებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მხრიდან. ეს უნდა დასრულდეს. რუსეთს ხვალვე შეუძლია სხვა გზა აირჩიოს – დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს. მე მათ ამისკენ მოვუწოდებ, მაგრამ მანამდე ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით ისე, როგორც არასდროს, იმდენად ძლიერად და იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება,“ – განაცხადა ენდი ბერნემმა.