ენდი ბერნემი: მომეცით ათი წელი ბრიტანეთის შესაცვლელად!
ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი (ცენტრში) დაუნინგ სტრიტის №10-ში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. 2026 წლის 29 ივნისი
ენდი ბერნემი ბრიტანეთის განვითარების შესახებ თავის პოლიტიკური გეგმებს ასაჯაროებს და მათ განსახორციელებლად ხელისუფლებაში 10 წლის ვადით ყოფნას ითხოვს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სულ ცოტა ხანში ის დაუნინგ სტრიტის №10-ში უკვე მასპინძლის სტატუსით შეაბიჯებს – ამის შესახებ ლონდონიდან საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის (ERTNews) კორესპონდენტი იტყობინება.
ორშაბათს, 29 ივნისს, მანჩესტერში დაგეგმილ გამოსვლაში, „დიდი მანჩესტერის“ ყოფილი მერი, სავარაუდოდ, ათწლიან პროგრამას წარადგენს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ლონდონსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილს შორის არსებული უთანასწორობის შემცირებას ითვალისწინებს.
ახალი ეტაპი ბრიტანეთისთვის
ბერნემი თავის გეგმას ქვეყნის „გადატვირთვის ღილაკად“ წარმოაჩენს და ამტკიცებს, რომ მხოლოდ მთავრობის შეცვლა საკმარისი არ არის. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტთან ერთად, ბრიტანეთის მართვის წესიც უნდა შეიცვალოს.
ამავე დროს, ის, ალბათ, იმასაც აღიარებს, რომ პოლიტიკური სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებაში მისი თაობის პოლიტიკურ ელიტასაც მიუძღვის წვლილი.
ხელისუფლების უდიდესი დეცენტრალიზაცია თანამედროვე ეპოქაში
მისი გეგმის მთავარ ღერძად მიიჩნევა ის, რასაც თავად ბერნემი „თანამედროვე ბრიტანეთის ისტორიაში უაითჰოლიდან რეგიონებისთვის უფლებამოსილებების ყველაზე მასშტაბურ გადაცემას“ უწოდებს.
რეგიონების მერები მეტ უფლებამოსილებას და დაფინანსებას მიიღებენ სოციალური საცხოვრებლის, ტრანსპორტის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში. მათ ასევე დაევალებათ სოციალური დახმარებების მიღებაზე დამოკიდებულების შემცირების პროგრამების განხორციელებაც.
მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზანია, „ქვეყნის ყველა რეგიონში იყოს უზრუნველყოფილი მდგრადი ეკონომიკური ზრდა“.
„ჩრდილოეთის №10-ის“ (№10 North) შექმნის გეგმა
ამ ინიციატივის ფარგლებში, ის გეგმავს შექმნას „ჩრდილოეთის №10“ – ანუ, დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში განთავსებული პრემიერ-მინისტრის ოფისის ნაწილი ლონდონის ფარგლებს გარეთ უნდა გადავიდეს.
ამ ახალი სტრუქტურის მთავარი ამოცანა დეცენტრალიზაციის დაჩქარება და ქვეყნის რეგიონებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება იქნება.
რეინდუსტრიალიზაცია და ინვესტიციები
ბერნემი თავისი სტრატეგიის ცენტრში აყენებს ბრიტანეთის რეინდუსტრიალიზაციას, ახალი მუნიციპალური საცხოვრებლების მშენებლობას და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის ფარგლებს გარეთ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადებას.
ამავდროულად, ის, ბრიტანული ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების წესებში ცვლილებების შეტანას აპირებს.
წყლისა და ენერგეტიკულ რესურსებზე სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება
მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ასევე აიღო ვალდებულება, გაზარდოს სახელმწიფო კონტროლი ენერგიისა და წყლის მიწოდებაზე, რაც კომუნალური მომსახურების რეფორმების ნაწილს წარმოადგენს.
ფოკუსი ტექნიკურ სწავლებაზე
გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ტექნიკური განათლების დონის ამაღლებას, რის შედეგადაც მან საუნივერსიტეტო ხარისხის თანაბარი სტატუსი უნდა შეიძინოს.
ამ გზით უნდა შემცირდეს იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც არც სწავლობენ, არც მუშაობენ და არც ტრენინგებს გადიან და ამის გამო, ახალგაზრდა ბრიტანელების ე.წ. „დაკარგული თაობად“ მიიჩნევიან.
ახალი ხედვა თუ ძველი დაპირებები?
ბერნემის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მისი რამდენიმე განცხადება ლეიბორისტული პარტიის 2024 წლის მანიფესტის დაპირებებს მოგვაგონებს, ასევე ძალიან ჰგავს უფრო ადრეულ დაპირებებს ვესტმინსტერიდან ადგილობრივი თემებისთვის უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ.
ამავდროულად, ისინი ხაზს უსვამენ, რომ რადგან 2024 წლის არჩევნებში ბერნემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ყოფილა, ამიტომ მან დამატებითი განმარტებები უნდა გააკეთოს იმის შესახებ, თუ როგორია მისი გეგმები თავდაცვისა და სახელმწიფო ხარჯების კუთხით.
საჭიროა მეტი სიცხადე
ბრიტანეთის ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, კემი ბეიდენოკმა მომავალ პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, პარლამენტის საზაფხულო არდადეგებამდე თემთა პალატაში თავისი პრიორიტეტები წარადგინოს. მისი თქმით, საზოგადოებას უფლება აქვს, მეტი დეტალი იცოდეს მისი გეგმების შესახებ.
ამავდროულად, ლეიბორისტული პარტია ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას გამორიცხავს და ამტკიცებს, რომ საზოგადოებას სტაბილურობა და სწორი პოლიტიკის გატარება სურს და არა საარჩევნო უბნებთან კიდევ ერთხელ მისვლა.
სტატიის ავტორი: საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური (ERT News)
ფოტოს ავტორი: ალბერტო პეცალი / სააგენტო „ფრანს-პრესი“