ენდი ბერნემი – ადამიანებს სურთ, იხილონ, რომ მსოფლიო ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ამას ამბობენ შეერთებული შტატების ამომრჩევლები
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მსოფლიოსთვის საცხოვრებელი ხარჯების გაძვირების პრობლემასთან ბრძოლის მიმართულებით გაერთიანების შესაძლებლობაა.
ბერნემის განცხადებით, ის უკვე მუშაობდა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა ირანის ომის დასრულების გარეშე მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ხარჯების გაძვირებით გამოწვეული წნეხის შემცირება შეუძლებელია.
„ირანის ომის დასრულების გარეშე, ვერ შევამცირებთ იმ ფინანსურ წნეხს, რომელსაც ადამიანები საცხოვრებელი ხარჯების გაძვირების გამო განიცდიან“,- განაცხადა ბერნემმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა რესპუბლიკელების მარცხი ბრაზილიაში, სერბეთსა და უნგრეთში მემარჯვენე პარტიების წარუმატებლობას, ბერნემმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება სურს.
„ადამიანებს სურთ, იხილონ, რომ მსოფლიო ერთიანდება და ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, სწორედ ამას ამბობენ შეერთებული შტატების ამომრჩევლები“, – განაცხადა ენდი ბერნემმა.
ცნობისთვის, აშშ-ში ხმების დათვლა კვლავ მიმდინარეობს. ამჟამად არსებული მონაცემებით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას დემოკრატები მოიპოვებენ.