„ენბისი“ - როდესაც აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დასუსტება სურს, ბაიდენმა რიტორიკის შერბილება მოითხოვა
როდესაც აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დასუსტება სურს, ბაიდენმა რიტორიკის შერბილება მოითხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია „ენბისი“ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც წყარო ყვება, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მათი კიევიდან გამგზავრების შემდეგ დაუკავშირდა.
აპრილში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს, უკრაინელებმა რუსეთის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვონ და ვაშინგტონში იმედი აქვთ, რომ რუსეთი დასუსტდება, რათა ახალი თავდასხმის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს. ამ განცხადებას შეუერთდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც.
თუმცა, როგორც „ენბისი“ წერს, ამის შემდეგ ბაიდენმა მოითხოვა, რომ რიტორიკა შერბილდეს, რადგან მსგავსი განცხადებები აჩენდა არარეალურ მოლოდინს და ზრდიდა აშშ-ის რუსეთთან კონფლიქტში ჩართვის საფრთხეს.
„ბაიდენი არ იყო კმაყოფილი, როდესაც ბლინკენი და ოსტინი საუბრობდნენ უკრაინაში გამარჯვებაზე“, – ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი „ენბისისთან“ საუბარში.
როგორც „ენბისი“ იუწყება, შვიდი მოქმედი ამერიკელი ოფიციალური პირი, ყოფილი მაღალჩინოსნები და ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დღეს უკრაინაში მიმდინარე ომის შეჩერება შეუძლებელია და ამიტომ ფარულად განიხილავენ, ხომ არ უნდა შეარბილოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ საჯარო პოზიცია იმის შესახებ, რომ უკრაინული ტერიტორია არასდროს გადაეცემა რუსეთს ომის შეჩერების შეთანხმების ფარგლებში.
„ენბისის“ ცნობით, ზოგიერთ ოფიციალურ პირს სურს, რომ ზელენსკიმ „ტემპი შეანელოს“. თუმცა, პრობლემას ქმნის ბაიდენის მტკიცე პოზიცია, რომ ის არასდროს მოახდენს ზეწოლას უკრაინელებზე. მისი ადმინისტრაცია მიიჩნევს, ომის შეწყვეტის დრო და პირობები უკრაინელებმა უნდა განსაზღვრონ.
„ჩვენ არ ვახდენთ ზეწოლას უკრაინელებზე, რომ ისინი დათმობაზე წავიდნენ. როგორც ამას ზოგიერთი ევროპელი აკეთებს. ჩვენ არასდროს მოვთხოვდით მათ ტერიტორიის დათმობას და ჩვენ ვემზადებით ხანგრძლივი ომისთვის. ჩვენ ვაპირებთ, შევამზადოთ ამერიკელი ხალხი და მოვთხოვოთ კონგრესს მეტი დაფინანსება“, – აცხადებს ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირი.
როგორც „ენბისი“ წერს, მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში და სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარი არ გაუკეთებიათ.