„ენბისი“ - აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების ჯგუფმა ფარული მოლაპარაკებები გამართა კრემლთან დაახლოებულ პირებთან, მათ შორის სერგეი ლავროვთან
„ენბისი“ - აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების ჯგუფმა ფარული მოლაპარაკებები გამართა კრემლთან დაახლოებულ პირებთან, მათ შორის სერგეი ლავროვთან

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების ჯგუფმა ფარული მოლაპარაკებები გამართა კრემლთან დაახლოებულ პირებთან, მათ შორის სერგეი ლავროვთან, –  ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შეხვედრა უკრაინაში ომის დასასრულებლად პოტენციური მოლაპარაკებებისთვის საფუძვლის ჩაყრის მიზნით გაიმართა. „ენბისი“ წერს, რომ აპრილის შეხვედრის დღის წესრიგში იყო უკრაინაში ომის ყველაზე მწვავე საკითხები, როგორიცაა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ბედი, რომლის გათავისუფლებაც უკრაინამ, შესაძლოა, ვერასოდეს შეძლოს.

მედიის ცნობით, ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე რიჩარდ ჰაასი, ევროპის საკითხებში ევროპელი ექსპერტი ჩარლზ კუპჩანი და რუსეთის საკითხებში ექსპერტი თომას გრემი. ყველა მათგანი ადრე მუშაობდა თეთრ სახლში ან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

რუსეთის მხარეს, ლავროვის გარდა, იყვნენ მეცნიერები, დიდი ანალიტიკური ცენტრებისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, რომლებიც, სავარაუდოდ, გავლენას ახდენენ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების მიღებაზე ან აქვთ კონტაქტები კრემლთან.

როგორც „ენბისი“ წერს, დაახლოებით იმავე დროს, როდესაც ჰაასი და კუპჩანი ლავროვთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, მათ გამოაქვეყნეს დიდი მასალა წამყვან ამერიკულ გამოცემაში „ფორინ ეფეარს“, სადაც „ბრძოლის ველიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადასვლის გეგმა“ ჩამოაყალიბეს. სტატიაში საუბარი იყო ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, უკრაინაში „დემილიტარიზებული ზონის“ შექმნასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე.