ემზარ კვიციანმა გიორგი გახარიას მიმართა - ჩემს არცერთ კითხვას პასუხი არ გაეცით, „ქრისტე აღდგაზე“ მაინც გეპასუხათ, რომ ჭეშმარიტად აღდგა
ემზარ კვიციანმა გიორგი გახარიას მიმართა - ჩემს არცერთ კითხვას პასუხი არ გაეცით, „ქრისტე აღდგაზე“ მაინც გეპასუხათ, რომ ჭეშმარიტად აღდგა

„პატრიორტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მის არცერთ კითხვას არ უპასუხა, რის გამოც ძალიან გულდაწყვეტილია.

„ბატონო გიორგი, ძალიან დამწყვიტეთ გული. არცერთ ჩემს შეკითხვას პასუხი არ გაეცით და „ქრისტე აღდგაზე“ მაინც გეპასუხათ, ჭეშმარიტად აღდგაო. ესე ხომ არ შეიძლება, არა“? – მიმართა კვიციანმა მინისტრს.

მან გიორგი გახარიას კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, რომელიც ყვარლის რაიონში საკუთრების უფლების საკითხს ეხებოდა.

„ყვარლის რაიონში ქონება წაართვეს ადამიანს, რომელსაც საბუთები ხელში უჭირავს. მიდიან თქვენი სამმართველოს ხელმძღვანელობასთან განცხადებით და ის ეუბნება, წადით სასამართლოშიო. რანაირი სამართალია ეს? საბუთები ხელში მიჭირავს. ჩემი მანქანაა თუ ტექნიკაა, სასამართლოში რა მინდა. პოლიციამ რეაგირება არ უნდა მოახდინოს? იქნებ ამაზე მაინც მიპასუხოთ“, – განაცხადა კვიციანმა.

გიორგი გახარიას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა, გამოსვლის შემდეგ დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს. კვიციანის კითხვები პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებსა და დავით გარეჯის საკითხებს ეხებოდა.