ემზარ კვიციანი - ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ 2006-2008 წლებში ხელისუფლებამ კოლექტიურად უღალატა სამშობლოს
ემზარ კვიციანი - ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ 2006-2008 წლებში ხელისუფლებამ კოლექტიურად უღალატა სამშობლოს

სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა, რომ 2006-2008 წლებში ხელისუფლებამ კოლექტიურად უღალატა სამშობლოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ხანია, რაც საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

„სტრასბურგმა გაამართლა ირაკლი ბათიაშვილი, ე.ი. პარალელურად, მეც გამამართლა, რადგან ბათიაშვილმა სწორედ ჩემთან საუბრის გამო მოიხადა ციხეში ორი წელიწადი. მისჯილი ჰქონდა შვიდი წელი. სტრასბურგმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ 2006-2008 წლებში იყო ხელისუფლების კოლექტიური ღალატი ჩვენი სამშობლოსი, მასმედიის მხრიდან და საერთოდ არავის უნდა გამოძიება. რამდენი ხანია, ვითხოვ, შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია და ბოლოს და ბოლოს გამოვიძიოთ, ვინ არის დამნაშავე და ვინ მართალი. არ გინდათ ამის გაკეთება და ამიტომაც არის ეს აღვირახსნილობა, რასაც ჩვენ აქ ვუყურებთ ბოკერიას მხრიდან. ბოკერიამ აქეთ დაგვადანაშაულა მე და ბათიაშვილი, რომ ჩვენ დამნაშავეები ვყოფილვართ და მე რუსეთში გავქცეულვარ.

ერთი რამ მაინტერესებს, თუ დაკვირვებიხართ იმას, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მიმართულებით ორი რუსული საგუშაგო იდგა და შექმნილი იყო ბუფერული ზონა. რატომ იდგნენ ისინი იქ, რადგან შეიარაღებული ხალხი არ უნდა გაეტარებინათ, არც კოდორის მიმართულებით და საერთოდ, რატომ გამოატარეს ბოკერია, სააკაშვილი და მაგათი ბანდა რუსებმა, თუ რუსები ჩემს მხარეზე იყვნენ? რატომ ცდილობენ ესენი ყოველთვის, რომ კარგი, მე ცუდი კაცი, დამნაშავე ადამიანი ვარ, გავწიოთ განზე ემზარ კვიციანი, 2008-ში რატომ ჩააბარეთ უბრძოლველად ტერიტორიები?“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ამასთან, ემზარ კვიციანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს მიმართა კითხვით, რატომ არ უნდა ხელისუფლებას, დაუსვას იმ უმსგავსობას წერტილი, რაც პარლამენტში ხდება.

„მინდა, ოხანაშვილს ვკითხო, რამდენიმე დღის წინგააკეთა კომენტარი, რომ სტრასბურგმა კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებასო, თქვენ რატომ არ გინდათ წერტილი დაუსვათ ამ უმსგავსობას, რაც ამ პარლამენტში ხდება. დამნაშავეები წამოგვაჯინეთ თავზე, არ გინდათ გამოიძიოთ, რატომ? რამხელა ზარალი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ გავრილოვის ჩამოსვლით, რატომ არ გინდათ, გამოიძიოთ, ვინ შეუთანხმდა გავრილოვს, ვინ იყო გარიგებული მასთან, რომ მერე ასეთი ზარალი მისდგომოდა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

დეპუტატის თქმით, დემოგრაფიასთან დაკავშირებით ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა.

„ნარკომანია, პროსტიტუცია, აბორტი ამ ქვეყანაში წახალისებულია. არასრულწლოვან გოგონას არ აქვს უფლება, გათხოვდეს. რისკენ მივექანებით, ვერ ხედავთ, რომ ვიღუპებით? შობადობა არ არის, სიკვდილიანობა გაზრდილია და ჩვენ მშვიდად ვუყურებთ ყველაფერს. გენოფონდის გასაძლიერებლად არაფერი კეთდება. გამოვიდა გიორგი გახარია დიდი პროგრამით, ინფრასტრუქტურაზე, გზებზე, ყველაფერზე იხარჯება ფული და დემოგრაფიის გასაძლიერებლად კაპიკი არ იხარჯება, რატომ ვწყვეტთ ჩვენივე თავს“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.