ემზარ კვიციანი - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონპროექტს დახვეწის შემდეგ მივიღებთ
ემზარ კვიციანი - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონპროექტს დახვეწის შემდეგ მივიღებთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების კენჭისყრა გადადო, რომლის გათვალისწინებით, შესაძლოა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდეს.

კანონპროექტი ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანს ეკუთვნის, რომელმაც ცვლილებები დღეს კომიტეტს წარუდგინა.

კვიციანმა განმარტა, რომ ცვლილებების მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში არსებული რელიგიებისა და მათი მიმდევრების შეურაცხყოფისგან დაცვა.

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს შესთავაზა, საკითხისთვის დღეს კენჭი არ ეყარათ, ვინაიდან, პროექტი არსებული რეგულაციებით წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან მოდის და საჭიროა მისი დახვეწა.

ასევე ოხანაშვილმა კვიციანს ურჩია, საკითხი ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, რელიგიის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში განიხილოს და ამასთანავე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მას აპარატის თანამშრომელს გამოუყოფს, რომელიც ცვლილებებზე მასთან ერთად იმუშავებს.

ემზარ კვიციანი შეთავაზებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ცვლილებები დასახვეწი იქნება და დაიხვეწება.

„ამის შემდეგ კანონპროექტს მივიღებთ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. არის რაღაც წვრილმანები, რაც არ მოეწონათ, დავხვეწთ და კანონპროექტს მივიღებთ“, – განაცხადა კვიციანმა.

კანონპროექტით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ასევე პროექტით, რელიგიური შენობებისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.