ემზარ კვიციანი მაღალმთიანი რეგიონებისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებას ითხოვს
ემზარ კვიციანი მაღალმთიანი რეგიონებისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებას ითხოვს

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი მაღალმთიანი რეგიონებისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებას ითხოვს.

ემზარ კვიციანმა შესაბამისი ცვლილებები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, საპენსიო დანამატი იზრდება და მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონე პენსიონერს პენსიაზე დანამატის სახით პენსიის 20 პროცენტის ნაცვლად, 40 პროცენტი ემატება.

ცვლილებები შეღავათების დაწესებას პირველი და მეორე ბავშვისთვისაც გულისხმობს. კერძოდ, პროექტით, თუ ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, ორი წლის განმავლობაში, ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 ლარის ნაცვლად, არანაკლებ 200 ლარი უნდა იყოს, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის, ეს თანხა ოთხი წლის განმავლობაში, არანაკლებ 300 ლარი უნდა იყოს.

ამასთან, ცვლილებები ასევე გულისხმობს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის, საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 100 პროცენტის მიცემას, ნაცვლად 35 პროცენტის.