ემზარ კვიციანი - კომბალი არასოდეს მკავებია, 14 წელია, მეომარ კაცს იარაღიც არ დამიჭერია ხელში
ემზარ კვიციანი - კომბალი არასოდეს მკავებია, 14 წელია, მეომარ კაცს იარაღიც არ დამიჭერია ხელში

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციით ხალხს აჯანყების უფლება აქვს, თუმცა მისი თქმით, აჯანყებისთვის ჯერ არავინ ემზადება.

როგორც ჟურნალისტებს კვიციანმა განუცხადა, იმისთვის, რომ საზოგადოებრივ დაჯგუფებებში სპეცსამსახურებმა ჯაშუშები არ შეაპარონ, ფიცია საჭირო.

„დედას ვფიცავარ, არ გყოფნით? ფიცი რაც არის, ისე უნდა დავიფიცოთ. დავიფიცეთ ხატზე. ღმერთის გვწამს, ფიცი ხატისა და ბიბლიის წინაშე ხდება. ჯგუფების შექმნა არანაირ დაძაბულობას არ შექმნის. პოლიციას არ დავემორჩილებითო, არავის უთქვამს. პოლიცია, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავა, პოლიცია აღარ არის. ხალხს „პრაიდის“ ჩატარება არ უნდა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ არის თავსმოხვეული. ქუჩაში ერთ დაძახებაზე ამდენი ხალხი ამიტომ გამოვიდა. თვითგანწირვაზე მიდიან, ეროვნული იმუნინეტი ჩაირთო. თუ სიმშვიდე უნდათ, თავი უნდა დაანებონ იმას, რასაც უცხო ქვეყნები თავს გვახვევენ. დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, თუ ვინმეს კოლონია? რას ჰქვია, „პრაიდის“ ჩატარებას ელჩები ითხოვენ? – ამას ოკუპაცია ჰქვია. რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ვართ და ახლა სულიერ ოკუპაციას ახდენენ. ეს ყველაფერი ამის წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ ჩვენი თავი უნდა ვაჩვენოთ. რაც არ გვინდა, თავს ნუ მოგვახვევენ. კონსტიტუციით ხალხს აჯანყების უფლება აქვს. როცა ხედავს, რომ ხელისუფლება თავის ამომრჩეველს ღალატობს, ის ამომრჩეველი გამოდის და აჯანყებას აწყობს. ანუ, ქუჩაში გამოდის. პანკისის ხეობაში რა მოხდა? – ეს იყო მოსახლეობის აჯანყება”, – აღნიშნა კვიციანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე რას გულისხმობდა აჯანყებაში, კვიციანმა უპასუხა, რომ აჯანყებისთვის ჯერ არავინ არ ემზადება.

„აქ არის პროტესტი, რომელიც გამოვხატეთ და დავით გარეჯს ეხებოდა. ახლა ხალხი ითხოვს, „პრაიდს“ ნუ ჩაატარებენ. ერთხელ ღალატი, მეორედ ღალატი. ვინ ღალატობს? – ხელისუფლება. დემოკრატია რას ნიშნავს, ხალხის მმართველობა არის თუ არა? – უმრავლესობას რაც უნდა, ის უნდა გაკეთდეს. ვერ ითვლით, რამდენი ადამიანი იყო მოსული? თქვენ ამას არ აშუქებთ, რადგან ალბათ, სოროსიდან ფინანსდებით. პირველი არხი ხართ, ხალხი გაფინანსებთ და ხალხის საქმე გააკეთეთ”, – განაცხადა კვიციანმა.

მისივე მტკიცებით, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა არავის უხსენებია, მათ შორის არც ლევან ვასაძეს.

„ლევან ვასაძეს არ ვიცნობ, მაინტერესებდა და მას მოვუსმინე. ჩვენი მიზანია, ქალაქი სიბილწისგან დავიცვათ. ტიტველი უკანალებისა და გეიპარადების ჩვენება მიზანშეწონილი არ არის. თუ კონსტიტუციას კითხულობთ, კარგად წაიკითხოთ. ლევან ვასაძემ კომბალი სიტყვის მასალად გამოიყენა. თუ თავს დაგვესხმებიან, იმ შემთხვევაში თავს კომბლებით დავიცავო. კომბალი რად მინდა? – მე არ მჭირდება. კომბალი არასოდეს მკავებია, 14 წელია იარაღი არ დამიჭერია ხელში, მეომარ კაცს. საქართველოში როცა ვარ, არც კომბალი მჭირდება და არც იარაღი. ლევან ვასაძეში ლიდერი დავინახე. რაც ხალხს უნდოდა, მისგან ხალხმა ეს მოისმინა. ფიცის დანიშნულება ისაა, რომ მართული არ იყოს ლევან ვასაძე და არც – სხვა. ასეთ შემთხვევაში არაქართული საქმე არ გაკეთდება. ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს და არა ამერიკისა და რუსეთის ელჩებს. ელჩი იმიტომ არის ელჩი, რომ საელჩოში იჯდეს, თავისი საქმე აკეთოს და ჩვენს საქმეებში, „შიდა კუხნაში“ არ უნდა ჩაერიოს. ერი აღდგა, ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ლევან ვასაძე რომ
დააკავონ, მუხტი ჩაქრება? – ქუჩაში მთელი საქართველო გამოვა. მეუფეებმა განცხადებები გააკეთეს, დაიძრებიან თავიანთი მრევლით და მიხვდებით, NDI-ს გამოკითხვა კი არ არის მართალი, არამედ ხალხს უნდა მოუსმინონ”, – აღნიშნა კვიციანმა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.