ემილიანო სალას სამძებრო ოპერაცია შეჩერებულია
ემილიანო სალას სამძებრო ოპერაცია შეჩერებულია

ლა მანშის სრუტის თავზე გაუჩინარებული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია და ხვალ დილიდან განახლდება. კუნძულ გერნსის პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით თვითმფრინავის კვალიც არსად ჩანს.

შეგახსენებთ, რომ მცირე ზომის საფრენ აპარატში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნანტიდან უელსის ქალაქ კარდიფში მიფრინავდა, ორი ადამიანი იჯდა – პილოტი და კარდიფ სიტის მიერ ახლადშეძენილი არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა.

„წყლის ძალიან დაბალი ტემპერატურისა და სხვა გარემოებების გათვალსწინებით, შანსები იმისა, რომ ვინმეს ცოცხალს აღმოვაჩენთ, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია“, – აცხადებენ გერნსის პოლიციაში.

ემილიანო სალა კარდიფ სიტიში ფრანგული ნანტიდან გადავიდა. კატასტროფის წინა დღეს ფეხბურთელი საფრანგეთში საკუთარი ნივთებისა და საბუთებისთვის ჩავიდა, დღეს დილით კი ისევ კარდიფში ბრუნდებოდა, როდესაც მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა.