ემანუელ მაკრონმა რეგიონების ხელმძღვანელებს დაავალა, ყველა რადიკალიზებული პირის მონაცემები შეამოწმონ
ემანუელ მაკრონმა რეგიონების ხელმძღვანელებს დაავალა, ყველა რადიკალიზებული პირის მონაცემები შეამოწმონ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რეგიონების ხელმძღვანელებს დაავალა, შეამოწმონ ყველა რადიკალიზებული პირის მონაცემები და განსაკუთრებული აქცენტი კავკასიური წარმომავლობის ადამიანებზე გააკეთონ.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ითხოვს „დაუნდობელ მიდგომას ყველას მიმართ, ვინც სიძულვილის და ტერორისტული იდეოლოგიის მატარებელია“.

ემანუელ მაკრონის დავალებით, პრეფექტურებმა რადიკალიზაციის შესაფასებლად შეხვედრები პოლიციის, ჟანდარმერიის, ციხის სამსახურების, სასამართლოსა და დაზვერვის მონაწილეობით უნდა გამართონ. შემოწმების მიზანია, ყველა რადიკალიზებული უცხოელის იდენტიფიცირება, რომლებიც სავარაუდოდ გაძევებული იქნებიან საფრანგეთიდან.

ემანუელ მაკრონმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჯერალდ დარმანინს მიმართა, რომ განსაკუთრებული ყურადღება შემოწმებისას მიექცეს კავკასიური წარმომავლობის 16-25 წლის ასაკის ჯგუფებს.

ელისეს სასახლეში ირწმუნებიან, რომ საუბარი არ არის კონკრეტული თემის სტიგმატიზაციაზე.

13 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ არასში ჩეჩნური წარმოშობის მოჰამედ მოგოუჩკოვმა ლიტერატურის პროფესორი, დომინიქ ბერნარი მოკლა.