ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს. ამის შესახებ მან კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსით, როგორც ეს ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ასევე ევროპული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის რანგში“, – განაცხადა მაკრონმა.
„კანადასა და საფრანგეთს შორის, მათ უახლოეს წერტილებში, მხოლოდ რამდენიმე კილომეტრია. ჩვენი ღირებულებები კი კიდევ უფრო ახლოსაა“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ფრანგულ ენაზე.
მედია აღნიშნავს, რომ ლიდერები სენ-პიერისა და მიკელონის კუნძულებზე შეხვდნენ ერთმანეთს, საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომელიც ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან მდებარეობს და სადაც საფრანგეთსა და კანადას ერთმანეთისგან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი აშორებს.
კარნის განცხადებით, ქვეყნები თავიანთ კოსმოსურ სააგენტოებსა და თავდაცვის სამინისტროებს დაავალებენ, შეიმუშაონ და გააზიარონ ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გაშვების სისტემები და მიწაზე განთავსებული მიმღები ინფრასტრუქტურა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, გააფართოონ თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
ცნობისთვის, 16 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს.