ემანუელ მაკრონმა ნატო თურქეთის სამხედრო ოპერაციაზე რეაქციის გამო გააკრიტიკა
ემანუელ მაკრონმა ნატო თურქეთის სამხედრო ოპერაციაზე რეაქციის გამო გააკრიტიკა

ემანუელ მაკრონმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თურქეთის სამხედრო ოპერაციაზე რეაქციის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ „სიგიჟე“ უწოდა და აღნიშნა, რომ თურქეთის მიერ დაწყებულ ოპერაციაზე ნატო-ს რეაქცია სერიოზული შეცდომა იყო.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს დასავლეთისა და ნატო-ს მხრიდან რეგიონში სერიოზულ შეცდომად განვიხილავ. ეს ასუსტებს ჩვენს შესაძლებლობებს, ადგილზე პარტნიორები ვიპოვოთ, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგებიან იმ ფიქრით, რომ ხანგრძლივად დაცულები იქნებიან. ეს კი ბადებს კითხვას, თუ როგორ ფუნქციონირებს ნატო“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთის მიერ დაწყებული ოპერაციის შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის შეშფოთება უსაფრთხოების კუთხით ლეგიტიმურია.

ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ მიზანი ტერიტორიიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.