ემანუელ მაკრონის მრჩეველი აცხადებს, რომ ევროპელი ლიდერები მოსკოვში ჩავლენ, თუ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში სრულფასოვან მონაწილეობაზე გარანტიას მიიღებენ

21:28, 20.11.2026

ევროპელი ლიდერები მზად არიან, მოსკოვში ჩავიდნენ, თუ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მათ სრულფასოვან მონაწილეობას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მრჩეველმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვთან დიალოგის დაწყების მთავარი პირობა იქნება რუსეთის თანხმობა, რომ ევროპელი წარმომადგენლები სრულფასოვნად ჩაერთონ სამშვიდობო პროცესში და მონაწილეობა მიიღონ შეერთებულ შტატებსა და უკრაინასთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში.

„ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ რუსეთის მხრიდან დიალოგის დაწყება ან მისი ოფიციალური ფორმით წარმართვა ნიშნავდეს ევროპელების სრულფასოვან მონაწილეობას მოლაპარაკებებში, მათ შორის, შეერთებულ შტატებსა და უკრაინასთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში“, – განაცხადა მაკრონის მრჩეველმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია გადამოწმდეს, რამდენად ერთნაირად ესმით მოლაპარაკებების პირობები ევროპულ ქვეყნებს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს.

„ეს უნდა გადავამოწმოთ, რადგან წარსული გამოცდილებიდან ვიცით, ყველაფერი ყოველთვის ისეთი ნათელი არ არის, როგორც გვსურს“, –  განაცხადა მაკრონის მრჩეველმა.

ცნობისთვის, რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 10-11 ნოემბერს აბუ დაბიში გაიმართა.

ევროპული დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა, თუმცა უშუალო მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. ევროპელი წარმომადგენლები ცალკე შეხვდნენ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს, მაგრამ არა რუსეთის წარმომადგენლებს.

მოგვიანებით მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ყველა მხარე მოლაპარაკებებში ევროპელების შემდგომ მონაწილეობას დათანხმდა. რუსეთს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

თუმცა, 19 ნოემბერს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ევროპელების ჩართვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ, მისი თქმით,  იქამდე რუსეთში უნდა ჩავიდნენ და საკითხი განიხილონ.

მსგავსი