ემანუელ მაკრონის განცხადებით, სირიაში დარტყმები ქიმიური იარაღის ობიექტებზე განხორციელდება
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პრესსამსახური ადასტურებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ერთად სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების ბრძანება გასცა.
„ჩვენი ოპერაცია შემოიფარგლება სირიის ხელისუფლების იმ ობიექტებზე დარტყმებით, რომლებიც ქმნიან და იყენებენ ქიმიურ იარაღს“, – აღნიშნულია მაკრონის პრესსამსახურის ინფომაციაში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეიც აცხადებს, რომ ბრიტანულ ჯარებს მისცა ბრძანება, სირიის ტერიტორიაზე დარტყმები ქიმიური იარაღის გასანადგურებლად განახორციელონ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღით სავარაუდო თავდასხმის საპასუხოდ, სირიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.
„აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს მივეცი ბრძანება, წერტილოვანი დარტყმები განახორციელონ სამიზნეებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სირიის დიქტატორ ბაშარ ასადის ქიმიურ იარაღთან“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, სირიის დედაქალაქ დამასკოში აფეთქებები მოხდა, – ამის შესახებ Reuters-ი თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება. თვითმხილველის ცნობით, სულ მცირე, ექვსი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, ქალაქში კვამლია. კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა ტერიტორიაზე, სადაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია განთავსებული.