ემანუელ მაკრონი - ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ხაზი გავუსვი ყველა მხარის მიერ ზავის პატივისცემის მნიშვნელობას, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების აუცილებლობას
ემანუელ მაკრონსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაკრონი აცხადებს, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„ახლახან ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს. ხაზი გავუსვი ყველა მხარის მიერ მოქმედი ზავის პატივისცემის მნიშვნელობას. ჩვენ ერთი და იგივე მიზანი გვაქვს: ირანმა არასდროს არ უნდა შექმნას ბირთვული იარაღი. ამის უზრუნველსაყოფად ხაზი გავუსვი დროთა განმავლობაში მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების აუცილებლობას – როგორც ბირთვულ, ასევე ბალისტიკურ საკითხებზე. ეს აუცილებელია როგორც ისრაელის უსაფრთხოებისთვის, ასევე რეგიონში ყველასთვის“,- განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ნეთანიაჰუს ღაზაში არსებულ ვითარებაზეც ესაუბრა.
„კიდევ ერთხელ გავუმეორე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია. ყველა მძევლის გათავისუფლება, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გზის ძიება კვლავ მთავარ პრიორიტეტებად რჩება“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.