ემანუელ მაკრონი - უთანხმოება იზრდება და მსოფლიო წესრიგს არღვევს, მსოფლიო ინგრევა და ეს ხელს უშლის ჩვენს კოლექტიურ შესაძლებლობას, გადავჭრათ ჩვენი დროის ძირითადი კონფლიქტები
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიო იზოლაციონიზმის გამო „ინგრევა“ და გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად ქვეყნებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ იზოლირებაში ვაქცევთ საკუთარ თავს. უთანხმოება იზრდება და მსოფლიო წესრიგს არღვევს. მსოფლიო ინგრევა და ეს ხელს უშლის ჩვენს კოლექტიურ შესაძლებლობას, გადავჭრათ ჩვენი დროის ძირითადი კონფლიქტები და ხელს გვიშლის გლობალური გამოწვევების მოგვარებაში“, – აღნიშნა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთი „ამაყობს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებს შორისაა“ და ორგანიზაცია „ვერ ჩანაცვლდება“.
„ყველაზე მკაცრი კრიტიკოსები არიან ისინი, ვისაც თამაშის წესების შეცვლა სურთ, რადგან მათ დომინირება უნდათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც საერთო სიკეთის გამარჯვება არ სურთ. მათ თავიანთი ინტერესების დაცვა უნდათ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის საჰაერო სივრცეში რუსეთის ბოლოდროინდელ შეჭრებზეც ისაუბრა. მაკრონის თქმით, მოსკოვის ქმედებები იმის „დასტურია, რომ ევროპელებიც რუსეთის დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე დგანან“.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა კი მაკრონმა ერთიანობისკენ მოწოდებით დაასრულა.
„ჩვენ ერთი პასუხისმგებლობა გვაქვს – ერთობლივი ქმედება და მრავალმხრივი ურთიერთობის ხელახლა აშენება იმავე რწმენითა და სიმტკიცით, როგორსაც ამ ასამბლეის დამფუძნებელი მამები იჩენდნენ. ჩვენ ეს კიდევ უფრო ეფექტურად, მაგრამ იმავე ნებით უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.