ემანუელ მაკრონი - უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არიან
ემანუელ მაკრონი - უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არიან

უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არიან, – ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლდოვაში ვიზიტის დროს გააკეთა.

ასე უპასუხა მაკრონმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ეხებოდა.

მისი თქმით, „მოლდოვა და უკრაინა არ უნდა იყოს განცალკევებული იმ პერსპექტივაში, რომელსაც ევროკავშირის აძლევს მათ“, ხოლო საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად არ არის იმავე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში“.

„არსებობს ქვეყნების რამდენიმე კატეგორია, რომლებიც არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები, მაგრამ მათი უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ძალიან ახლო მეგობარი სახელმწიფოების არიან, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, როგორც გეოპოლიტიკურად, ისე გეოგრაფიულად, ისინი დღეს არ არიან იმავე სიტუაციაში, როგორც უკრაინა და მოლდოვა“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე ისაუბრა თავისი ინიციატივის შესახებ, რომელიც ევროკავშირის მეზობლად მდებარე ქვეყნებისთვის ახალი გაერთიანების შექმნას ითვალისწინებს, თუმცა მისივე თქმით, ეს არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების ჩანაცვლება. ამავე დროს, მაკრონის თქმით, „ევროკავშირის გაფართოება არ შეიძლება, იყოს ერთადერთი პასუხი ჩვენი მეზობლების სტაბილურობისთვის“.