ემანუელ მაკრონი - ჩვენი ევროპელი ძმები უნდა დავიცვათ ახალი ბალანსის შეთავაზებით, ეს უნდა გაკეთდეს რუსეთის პატივისცემით, ამ დიდი ერის თანამედროვე ტრავმების გააზრებით
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
მოსკოვში ვიზიტის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ახალი ბალანსის“ შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც დაიცავს ევროპულ სახელმწიფოებს, მაგრამ ასევე გააჩენს რუსეთის მიმართ პატივისცემის შესაძლებლობას.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის მიზანი იყო „არა უკრაინა, არამედ წესების გარკვევა ნატო-სა და ევროკავშირთან“.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპელი ძმები ახალი ბალანსის შეთავაზებით, რომელსაც შეუძლია, შეინარჩუნოს მათი სუვერენიტეტი და მშვიდობა. ეს უნდა გაკეთდეს რუსეთის პატივისცემით და ამ დიდი ხალხისა და დიდი ერის თანამედროვე ტრავმების გააზრებით“, – თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი 7 თებერვალს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, 8 თებერვალს კი უკრაინაში გაემგზავრება.