ემანუელ მაკრონი - ტაივანთან დაკავშირებით საფრანგეთი არ უჭერს მხარს პროვოკაციებს, ფანტაზიურ პოლიტიკას და მიიჩნევს, რომ ევროპის სტრატეგიული ავტონომიისთვის სტატუს კვო საუკეთესო მოკავშირეა
ემანუელ მაკრონი - ტაივანთან დაკავშირებით საფრანგეთი არ უჭერს მხარს პროვოკაციებს, ფანტაზიურ პოლიტიკას და მიიჩნევს, რომ ევროპის სტრატეგიული ავტონომიისთვის სტატუს კვო საუკეთესო მოკავშირეა

ტაივანთან დაკავშირებით საფრანგეთი არ უჭერს მხარს პროვოკაციებს, ფანტაზიურ პოლიტიკას და მიიჩნევს, რომ ევროპის სტრატეგიული ავტონომიისთვის სტატუს კვო საუკეთესო მოკავშირეა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ნიდერლანდებში ვიზიტის დროს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, კომენტარს არ გააკეთებს ჩინეთში მის ვიზიტთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რადგან მიაჩნია, რომ ტრამპი ზოგიერთების მიერ მოთხოვნილ ესკალაციაში მონაწილეობს.

„როცა ის პრეზიდენტი იყო, მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებდი, არც ახლა ვაპირებ ამის გაკეთებას, როცა პრეზიდენტი აღარ არის“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. მანამდე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ „ემანუელ მაკრონი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს უკანალზე კოცნის“.

თავის მხრივ, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად ევროპამ უნდა შეძლოს, სათანადოდ მონიშნოს საკუთარი გეოპოლიტიკური პოზიციები მსოფლიო ასპარეზზე.

„ეს არის ბალანსი, რომელსაც ყოველთვის ერთად ვეძებთ და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირის წევრებს შორის კოორდინაცია ასე მნიშვნელოვანი. მინდა, დავამატო, რომ ზოგჯერ ჩნდება განცდა, თითქოს თვითმფრინავში ვსხდებით, მიფრინავთ პეკინში ან ვაშინგტონში და იქ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა. არა, ასე არ ხდება. ეს არის ფრთხილად კოორდინირებული. ეს ნამდვილად ასე მუშაობს და სწორედ ასე გვინდა გავლენის მოხდენა“, – განაცხადა მარკ რუტემ.