ემანუელ მაკრონი - ჩვენ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ ჩვენი მეგობრების მტრების პირდაპირი მტრები
ემანუელ მაკრონი - ჩვენ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ ჩვენი მეგობრების მტრების პირდაპირი მტრები

საკუთარი თავის ბაზრად წარმოჩენით, ევროპამ დაივიწყა, რომ არის საზოგადოება, შეუმცირდა პოლიტიკური სივრცე და დაკარგა თავისი ისტორიული კვალი, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, გამოცემა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ემანუელ მაკრონის თქმით, მარშალის გეგმის თანახმად, ევროპა აშენდა, როგორც ამერიკელების უმცროსი პარტნიორი, ვაშინგტონი იყო სისტემის და ღირებულებათა ბალანსის გარანტორი, თუმცა აშშ-ის პოზიცია ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიცვალა, რაც ემთხვევა პრეზიდენტ ობამას იდეას: „მე წყნარი ოკეანეთის პრეზიდენტი ვარ.“

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბარაქ ობამამ იდეა სავაჭრო ბლოკების გეოპოლიტიკურ სტრატეგიაში გარდასახა, გააფორმა ხელშეკრულებები და გავიდა ახლო აღმოსავლეთიდან. მაკრონი ფიქრობს, რომ მსგავსმა მიდგომამ პრობლემები შექმნა: 2013-2014 წლების კრიზისი, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების პასუხად ჩაშლილი ინტერვენცია, რაც უკვე იყო დასავლეთის ბლოკის ჩამოშლის პირველი ეტაპი.

მისივე თქმით, რეგიონის მთავარმა ძალებმა მაშინ თქვეს, რომ „დასავლეთი სუსტია“.  შეუმჩნევლად დაწყებული პროცესები ბოლო წლებში აშკარა გახდა.

აშშ-ი ჩვენ მთავარ მოკავშირედ რჩება. ჩვენ ის გვჭირდება, ახლოს ვართ და ვიზიარებთ ერთნაირ ღირებულებებს, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ აშშ-ს პირველად ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ჩვენი ევროპული პროექტის იდეას არ იზიარებს. ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება, სუვერენიტეტის ელემენტები უნდა გადაიხედოს“,- ამბობს მაკრონი.

მისივე თქმით, ევროპა საკუთარ ისტორიულ კვალს კარგავს, ამერიკულ სტრატეგიაში ცვლილებები შედის, იცვლება მსოფლიოს რებალანსირება, ჩინეთი ბიპოლარიზაციის რისკებს აჩენს და ევროპის მარგინალიზება ხდება.

„თურქეთისა და რუსეთის სახით ავტორიტარული ძალების კვლავ გამოჩენა, არაბული გაზაფხულის შედეგები ქმნის ერთგვარ არეულობას. თუ ევროპა საკუთარ თავს გლობალურ ძალად არ წარმოაჩენს, გაქრება. ეკონომიკურმა და მიგრაციულმა კრიზისმა ყველაზე მეტად საშუალო კლასს დაარტყა, რაც ევროპაში ექსტრემიზმის აღმასვლის მიზეზი გახდა. ევროპა უფრო რთულად სამართავი გახდა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპის უპირველესი ამოცანა სამხედრო სუვერენიტეტის დაბრუნებაა.

„ჩვენი ამერიკელი პარტნიორის არასტაბილურობა და მზარდი დაძაბულობა ნიშნავს, რომ ევროპული თავდაცვის იდეა თანდათან პოპულარული ხდება. ჩემი აზრით, ჩვენ ამჟამად ნატო-ს „ტვინის სიკვდილს“ განვიცდით. შეხედეთ, რა ხდება –  გყავს პარტნიორები, მაგრამ აშშ-სა და მის ნატოელ მოკავშირეებს შორის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე კოორდინაცია არ არის;  გაქვს კიდევ ერთი ნატოელი მოკავშირის, თურქეთის არაკოორდინირებული აგრესიული ქმედება იმ ზონაში, სადაც ჩვენი ინტერესები რისკის ქვეშაა. არ ყოფილა ნატო-ს მხრიდან დაგეგმვა და კოორდინაცია. საჭიროა, ვაღიაროთ, რომ სტრატეგიულად და პოლიტიკურად პრობლემა გვაქვს“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპის ინტერესშია, თურქეთი ნატო-ში დარჩეს, თურქეთთან მიმართებაში ნატო-ს საბოლოო გარანტია გასაგები უნდა იყოს.

„ნატო, როგორც სისტემა, არ არეგულირებს თავის წევრებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სამხედრო სტრატეგიისა და შესაძლებლობის მიმართულებით, ევროპა ავტონომიური უნდა გახდეს; ევროპამ გულუბრყვილობის გარეშე თავიდან უნდა გახსნას სტრატეგიული დიალოგი რუსეთთან.

ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპას საკუთარი თავის დაცვის უნარი აქვს, ევროპულ ქვეყნებს და განსაკუთრებით საფრანგეთს, ძლიერი არმიები ჰყავს და პარიზი მზად არის, დაიცვას როგორც საკუთარი მიწის უსაფრთხოება, ასევე ჩაერთოს საგარეო ოპერაციებში.

„პრეზიდენტ ტრამპის თვალთახედვით, ნატო დანახულია, როგორც კომერციული პროექტი. ის ნატო-ს ხედავს, როგორც გეოპოლიტიკურ ქოლგას. მაგრამ, მისი აზრით, უნდა არსებობდეს კომერციული ექსკლუზიურობა, შეთანხმება ამერიკული პროდუქტების შესყიდვაზე. საფრანგეთს ამისთვის ხელი არ მოუწერია. ვფიქრობ, რომ მიდგომები იცვლება და ევროპული თავდაცვა უნდა გაძლიერდეს, რომ შეეძლოს სამეზობლო უსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებლობის აღება. უნდა გვესმოდეს პრეზიდენტ ტრამპის ნათქვამი –  „ეს თქვენი სამეზობლოა და არა ჩემი,“ , „ტერორისტები და ჯიჰადისტები, რომლებიც იქ არიან, ევროპელები არიან და არა ამერიკელები,“ „ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი“. . . ჩვენ საზღვრებთან რომ რამე მოხდეს, იქნება ის მზად, სოლიდარობის აქტივაციისთვის? ესაა რეალური შეკითხვა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი და ზოგადად ევროპა დამაბალანსებელ ძალად უნდა წარმოჩინდეს და რადგანაც ბრიტანეთისგან განსხვავებით, საფრანგეთი ნაკლებად არის მიბმული ამერიკულ დიპლომატიაზე, პარიზს მანევრის უფრო დიდი საშუალება აქვს.

„ჩვენ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ ჩვენი მეგობრების მტრების პირდაპირი მტრები“, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დასავლური ღირებულებების გავრცელებაზე და აღნიშნა, რომ ეს ღირებულებები მუშაობს არა იძულებით, არამედ როდესაც ადამიანების დარწმუნებას შეძლებ.

„ჩვენ ზოგჯერ დავუშვით შეცდომები, როდესაც გვსურდა ჩვენი ღირებულებების დამკვიდრება რეჟიმების შეცვლით, ხალხის მხარდაჭერის გარეშე. ეს მოხდა ერაყსა და ლიბიაში. შესაძლოა, ეს იყო ჩაფიქრებული სირიაში, თუმცა ჩაიშალა. ესაა დასავლური მიდგომის ელემენტი და ვიტყოდი, რომ ეს იყო უეჭველად ფატალური შეცდომა. ხალხის სუვერენიტეტი გადაულახავი ფაქტორია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ინტერვიუს დროს ემანუელ მაკრონს შეკითხვა დაუსვეს რუსეთთან მიმართებაში პარიზის პოლიტიკის ახალ მიდგომაზე, პასუხად მაკრონმა თქვა, რომ რუსეთის ანტიევროპული პროექტი სამომავლოდ ევროპასთან პარტნიორობის პროექტად გადაიქცევა.

„ვუყურებ რუსეთს და ვფიქრობ, რა სტრატეგიული არჩევანი აქვს მას. ერთი ვარიანტია, ხელახლა, დამოუკიდებლად გახდეს სუპერძალა. ეს უკიდურესად რთული იქნება, იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა შეცდომებმა მას გარკვეული ბერკეტები მისცა. ჩვენ ვაჩვენეთ სისუსტე 2013-2014 წლებში და უკრაინა მოხდა. ახლა რუსეთი სირიაში ახდენს თამაშის ოპტიმიზაციას ჩვენი შეცდომების გამო. ჩვენ ვაძლევთ მას სასუნთქ სივრცეს და მას შეუძლია თამაში, მაგრამ მისი კონსერვატიული პოლიტიკური პროექტი არ იმუშავებს. მეორე ვარიანტია, რომ რუსეთმა შეიძლება, აიღოს ევრაზიული მოდელი. იქ დომინანტი ჩინეთია და ეს მოდელი დაბალანსებული არასდროს იქნება. ერთი წამითაც არ მჯერა, რომ პუტინის სტრატეგია ჩინეთის ვასალობაა. სხვა რა ვარიანტი დარჩა? ხელახლა დააფუძნოს ევროპასთან ბალანსირების პოლიტიკა. ის ფიქრობს –  „ევროპა აშშ-ის ვასალი იყო, ევროკავშირი არის ერთგვარი ტროას ცხენი ნატო-სთვის, ნატო გაფართოვდა ჩემს საზღვრებთან.“ თუ ჩვენ გვინდა, ევროპაში მშვიდობის აშენება და ევროპის სტრატეგიული ავტონომიის შექმნა, საჭიროა, თავიდან განვსაზღვროთ ჩვენი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. აშშ-ი რუსეთთან დამოკიდებულებაში მკაცრია, მაგრამ მათ შორის ზღვაა და ეს ჩვენი სამეზობლოა. ჩვენ გვაქვს ავტონომიის უფლება. ჩვენ ერთმანეთზე გაბრაზების ბევრი მიზეზი გვაქვს; არის გაყინული კონფლიქტები, ენერგეტიკის საკითხები, ტექნოლოგიები, კიბერსივრცე, თავდაცვა და ა.შ. ჩემი ინიციატივაა, გამოვხატოთ, თუ როგორ ვხედავთ მსოფლიოს, ვთქვათ რისკები, განვსაზღვროთ საერთო ინტერესები – რისი ეშინიათ მათ? რისი გვეშინია ჩვენ? როგორ მივუდგეთ? რომელ საკითხებზე შეგვიძლია შერიგება? გვაქვს დისკუსიები და ეს პროდუქტიულია“, – განაცხადა მაკრონმა.

დატოვე კომენტარი