ემანუელ მაკრონი - საფრანგეთს ახლა ერთიანობა სჭირდება
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთს ახლა ერთიანობა სჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა იმ პირების დასჯის პირობა დადო, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს კანონს არღვევდნენ.

„საფრანგეთის მართლმსაჯულება მიიღებს უმკაცრეს ზომებს იმ პირების მიმართ, ვინც აქციების დროს კანონს არღვევდა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისივე თქმით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მას პარიზსა და სხვა ქალაქებში გამართული აქციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.

„ახლა აუცილებელია, რომ საფრანგეთში წესრიგი დამყარდეს. ქვეყნას ერთიანობა და ერთობლივი მიზნებისკენ კოლექტიური სვლა სჭირდება. ახლა აუცილებელია უთანხმოების აღმოფხვრა“, – განაცხადა მაკრონმა.

ყვითელჟილეტიანების აქციები საფრანგეთში ზედიზედ მეექვსედ გაიმართა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დემონსტრაციებში 39 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ღამით მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი აირი. დააკავეს 200-ზე მეტი მომიტინგე.

საპროტესტო აქციები ყვითელჟილეტიანებმა 17 ნოემბრიდან დაიწყეს. მას შემდეგ ისინი ყოველ შაბათ ან კვირას მართავენ დემონსტრაციებს. თავდაპირველად მომიტინგეების მოთხოვნა საწვავზე გადასახადის ზრდის შეჩერება იყო, რაც მაკრონის მთავრობამ დააკმაყოფილა, თუმცა ყვითელჟილეტიანები არ გაჩერებულან.

10 დეკემბერს მაკრონმა განაცხადა, რომ აქციების მონაწილეთა მოთხოვნების საპასუხოდ საგანგებო ზომებს მიიღებს, მათ შორის გაიზრდება მინიმალური ხელფასი. ზეგანაკვეთური სამუშაო არ დაიბეგრება, შემცირდება გადასახადები. მიუხედავად ამისა, ყვითელჟილეტიანები აქციებს განაგრძობენ. მათ მოთხოვნებს შორის არის ემანუელ მაკრონის გადადგომაც.

დატოვე კომენტარი