ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი გმობს აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვას, ეს ზომები წარმოადგენს დაშინებას და იძულებას
საფრანგეთი გმობს აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ეს ზომები წარმოადგენს დაშინებას და იძულებას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის ციფრული სუვერენიტეტის ძირის გამოთხრას. ევროკავშირის ციფრული რეგულაციები ევროპარლამენტისა და საბჭოს მიერ იქნა მიღებული დემოკრატიული, სუვერენული პროცესის ფარგლებში. ისინი ევროპაში გამოიყენება პლატფორმებს შორის სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად, მესამე ქვეყნების მიერ მიზანმიმართულად გამოყენების გარეშე და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის, რაც უკანონოა რეალობაში, ასევე უკანონო იყოს ონლაინ რეჟიმში“, – წერს მაკრონი.
საფრანგეთის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული ციფრული რეგულაციები არ განსაზღვრავს ევროპის ფარგლებს გარეთ რეგულაციას.
„ევროკომისიასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ ჩვენი ციფრული სუვერენიტეტისა და მარეგულირებელი ავტონომიის დაცვას“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია.